მიხეილ სააკაშვილი ვერა ქობალიას ურჩევს, საკუთარ მიღწევებზე მეტისმეტი წარმოდგენა ნუ ექნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ურჩევს, საკუთარ მიღწევებზე მეტისმეტი წარმოდგენა ნუ ექნება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ქობალიამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2010 წლის საპრივატიზაციო გეგმა უკვე შესრულებულია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს მისი ახალი მოადგილეებისა და სამინისტროში ზოგადი სიტუაციის გამოცვლის დამსახურებაა. "თანაც, წლევანდელი საპრივატიზაციო გეგმა არც ისე პრეტენზიული იყო, ასე რომ, მისი გადაჭარბებით შესრულების გამო საკუთარ მიღწევებზე მეტისმეტი წარმოდგენა ნუ გექნებათ", - მიმართა პრეზიდენტმა ვერა ქობალიას.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა წარმატების მაგალითების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მიკროპროექტების განხორციელებაც კი მნიშვნელოვანია.
"მესტია, სიღნაღი, ქუთაისი, ანაკლია – ეს ის პროექტებია, რომლებსაც საკუთარი შვილებივით ვზრდი. ზოგი უკვე VI-VII კლასში გადავიყვანე, ზოგი ჯერ ისევ პირველ კლასშია. ყველამ უნდა ვიშვილოთ თითო პატარა პროექტი და საბოლოო ჯამში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების დიდი ერთობა შეიქმნება. ეს ეხება ტურიზმსაც, წარმოებასაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, ფინანსურ მომსახურებასაც. ჩვენი ქვეყანა უნდა ამოძრავდეს და ყველა ადამიანს, ვინც მუშაობს, პერსპექტივის განცდა უნდა ჰქონდეს. ყველამ უნდა ვიმუშაოთ საკუთარი თავის სრულყოფაზე, რომ მთელი საზოგადოება გაჭირვებიდან და სიდუხჭირიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

























