ფიროსმანის მიერ მოხატული მარნის კარი 17 000 დოლარად იყიდება. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, კარი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში, პარმენ ოზაშვილის მარანშია.
მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია დახატული და შემორჩენილია სიტყვები: "წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით". წარწერა მწვანე საღებავით არის შესრულებული.
სოფელ ოზაანის მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე თვის წინ, პარმენ ოზაშვილის სახლი კერძო პირმა 7 000 აშშ დოლარად იყიდა, სახლი დაშალა და ნივთებს ყიდის.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორის ანზორ მაძღარაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ ფიროსმანის მიერ მოხატული მარნის კარი იყიდება.
"ადრე, როცა მარნის კარის შესაძლო ავტორად ფიროსმანი სახელდებოდა, სახლის მესაკუთრემ პარმენ ოზაშვილმა არც მისი გაყიდვა და არც მუზეუმისთვის გადაცემა არ ისურვა. ამჯერად კი მუზეუმს ექსპონატის შესაძენად ფული არ აქვს", - განაცხადა მაძღარაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"