ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ ძალებს კონსტრუქციულობისთვის მადლობა გადაუხადა

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით პროცესის დაწყება შედგა და ამ მხრივ პოლიტიკურ ძალებს კონსტრუქციულობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ ალასანიამ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა ძალებმა კონსტრუქციულობა გამოიჩინეს, რისი შედეგიც მომავალი არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა იყოს.
~მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სურვილი, ურთიერთკომპრომისების გზით შეთანხმებამდე ვიაროთ~, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განისაზღვრა კონკრეტული გეგმა საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს სამუშაო შეხვედრები.
ალასანიამ ხაზი გაუსვა პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სამუშაო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალას ექნება.
ამას გარდა, ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია 8 პოლიტიკურ პარტიას ჩამოყალიბებული ხედვა აქვს საარჩევნო სააკითხებთან დაკავშირებით, თუმცა სხვა პარტიების პოზიციებსაც აუცილებლად მოისმენს.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან კონსულტაციების პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, "მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე, "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე, "რესპუბლიკური პარტიიდან" დავით ბერძენიშვილი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე, "საქართველოს გზის" წარმომადგენელი კახა სეთურიძე, პარტია "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე, "ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი გია თორთლაძე, პარტიის "ჩვენ თვითონ" ლიდერი პაატა დავითაია, პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია; საპარლამენტო უმრავლესობიდან - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.
რაც შეეხებათ "ეროვნულ ფორუმს" და "კონსერვატორებს", ამ პარტიების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან, თუმცა მათივე განმარტებით, შეხვედრის მონაწილე პარტიებს მათი მანდატი აქვთ.
მომავალი შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემდეგ ოთხშაბათს გაიმართება.

























