დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია მარტივდება.
დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართეს.
2011 წლის 1 იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ვალდებულები ხდებიან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ყველა ფაქტი ელექტრონული შეტყობინებით აცნობონ, ამის საფუძველზე შემდგომ მოქალაქე ნებისმიერ დროს შეძლებს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მიღებას. თუ ექიმი ელექტრონულ შეტყობინებას არ გამოაგზავნის, თითო შეუტყობინებელ ფაქტზე გათვლისწინებულია სოლიდური ჯარიმა.
დღემდე მოქალაქეს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მისვლა, საბუთების წარდგენა, ანკეტის შევსება უწევს, რის შემდეგაც იგი იღებს მოწმობას.
საკანონმდებლო სიახლის ძალაში შესვლის შემდეგ კი, მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მიღება.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამ სერვისის საშუალებით, მოხდება დაბადება-გარდაცვალების მყისიერი აღრიცხვა, გარდაცვალების მიზეზების დადგენა და იქნება კმაყოფილი მოქალაქე, რომელსაც მნიშვნელოვნად გაუმარტივდება რეგისტრაციის პროცედურები.
`ეს არის პირველი ნაბიჯი, რამელსაც ჯანდაცვის სამინისტრო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დგამს. ეს სერვისი მოგვცემს ხარისხის კონტროლის, მომსახურების სრულყოფისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების საშუალებას~,-განაცხადა დოლიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"