ინდოელ კინოპროდიუსერთა ჯგუფი საქართველოზე სარეკლამო კლიპს გადაიღებს

ინდოელ კინოპროდიუსერთა ჯგუფი საქართველოზე სარეკლამო კლიპს გადაიღებს

საქართველოში ინდოელ კინოპროდიუსერთა ჯგუფი ექვსი დღის განმავლობაში დარჩება და ვიზიტის ბოლოს საქართველოზე მოკლემეტრაჟიან სარეკლამო კლიპს გადაიღებს.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ ინდოელ კინომწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა მსხვილმა კინომწარმოებელმა ქვეყანამ საქართველოს მიმართ ინტერესი გამოიჩინა და აპირებს, რომ საკუთარი გეგმები სწორედ აქ განახორციელოს.

"ინდოეთში მილიარდზე მეტი მაყურებელი არის და შესაბამისად, კინომწარმოებლებიც ცდილობენ, რომ მათ დიდი არჩევანი შესთავაზონ. საქართველო მათთვის არის ახალი სფერო, ახალი ადგილი და იმედია, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება", - განაცხდა ვერა ქობალიამ.

მისივე თქმით, ქართული მხარე ინდოელ მწარმოებლებს შესთავაზებს ინფრასტრუქტურას, ქვეყნის ღირშესანიშნავ ადგილებს კინოპროდუქციის საწარმოებლად. ასევე, ვერა ქობალიას აზრით, ინდოელი კინომწარმოებლები დაეხმარებიან ქართველ მსახიობებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და ტექნიკური დარგის წარმომადგენლებს, რომ გარკვეულწილად თანამშრომლობა მოხდეს.

ინდოელი კინომწარმოებლების 5-კაციანი ჯგუფი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. მათ პირველი შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, ვერა ქობალიასთან გამართეს. შემდეგ შეხვედრას ისინი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართავენ. დღის მეორე ნახევრისთვის ინდოელი კინოპროდიუსერები და მწარმოებლები შეხვედრას "ქართული ფილმის" ხელმძღვანელობასთან გამართავენ, რის შემდეგაც, საგანგებოდ მათთვის, ქართული ფილმის, "ჩემი ბებიას" ჩვენება გაიმართება; დღის ბოლოს კი, ქართველ მსახიობთა შესარჩევი კასტინგი მოეწყობა.