ზურაბ ნოღაიდელი - 2011 წელს საქართველოში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება

ზურაბ ნოღაიდელი - 2011 წელს საქართველოში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება

პოლიტიკური გაერთიანება "სამართლიანი საქართველოს" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, 2011 წელს საქართველოში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება .

როგორც ნოღაიდელმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მცირე, მაგრამ ეკონომიკური ზრდაა, ტყუილია! მისი ცნობით, 2010 წელს, ოფიციალური სტატისტიკით, ინფლაციამ 11%-ს გადააჭარბა, ხოლო სურსათზე – 23%-ით.

როგორც ნოღაიდელი აღნიშნავს, რეალურად ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ხელისუფლების მიერ დაწერილ ციფრებს, ხოლო ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ნომინალურია, ანუ ფასების ზრდითაა განპირობებული.

"ყოველივე ეს იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას. თუ 2007 წელს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა 7%-ს შეადგენდა, დღეისთვის უკვე 15%-ია, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 35%-დან 65%-მდე გაიზარდა", - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

ექსპრემიერის მტკიცებით, ხელისუფლება ნაცვლად სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისა, დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით. მისივე თქმით, უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების შემცირების მიუხედავად, საქართველოში საწვავზე ფასი პერმანენტულად იზრდება, რაც თავის მხრივ, მთლიანად სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდას და მოსახლეობის კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენებას იწვევს.

"მთავრობამ ხელოვნურად დაიწყო ეკონომიკური კრიზისის მეორე ეტაპი და 2011 წელს ჩვენ გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გველოდება", - აღნიშნა ნოღაიდელმა.

იხილეთ ვიდეო