სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური კონკურსს აცხადებს

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 18-დან 27 წლამდე წვევამდელთა ერთწლიან საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად კონკურსს აცხადებს. კონკურსის წესით შეირჩევიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე და აქვთ მიწერის ბარათი.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ ჟღენტმა აღნიშნა, სამუშაო საათები კონტრაქტორებს განესაზღვრებათ ყოველ სამ დღეში ერთხელ 24-საათიანი მორიგეობით. უწყებაში საკონტრაქტო სამსახური ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად.

საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც შემოწმდება მისი ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები. ამის შემდეგ, ის წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას და გაივლის სპეციალურ სამედიცინო კომისიას.

კანდიდატის ჩარიცხვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა მისი სიმაღლე. კერძოდ წვევამდელის მინიმალური სიმაღლე უნდა შეადგენდეს 175 სანტიმეტრს. კომისიაზე გასვლის შემდეგ, კანდიდატები ჩააბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს.

საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე ერთი თვით ადრე, დაიწყება თეორიულ-პრაქტიკული სწავლება და დაიდება შესაბამისი კონტრაქტი. საკონტრაქტო სამსახურის დაწყების თარიღად კი ითვლება დღე, როდესაც წვევამდელი დებს სამხედრო და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს. აღნიშნული კურსის შემდეგ მოსამსახურეები გადანაწილდებიან დასაცავ ობიექტებზე.

თავის მხრივ სახელმწიფო დაცვის უწყება საკონტრაქტო მოსამსახურეებს შესთავაზებს ხელფასს, პერიოდულ პრემიებს, სასურსათო კომპენსაციას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფს სეზონური უნიფორმით. შეღავათი იქნება დაწესებული სპორტსმენებისა და სტუდენტებისთვის. კერძოდ, მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისას და სესიების პერიოდში, მათ მიეცემათ მოკლევადიანი შვებულებები.

საკონტრაქტო სამსახურის წარმატებით გავლისა და უფროსის უშუალო შუამდგომლობის შემთხვევაში, მოსამსახურეებს ეძლევათ შესაძლებლობა მუშაობა დაიწყონ უწყების სხვადასხვა დანაყოფში.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წლიდან ახორციელებს წვევამდელთა გაწვევას. 16-წლიანი ისტორიის მანძილზე საკონტრაქტო სამსახური 7000-მდე პირმა უკვე გაიარა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს