17.02.2011

რამაზ საყვარელიძე - "საქართველოში ვერ ვხედავ ფენას, რომელიც რადიკალური ცვლილებებით არის დაინტერესებული"

"კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება მხატვრების დარბევა..." - გურამ ცერცვაძე

გამოკითხულთა 80%-ზე მეტი სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგია... "ეს იქნება ის საბედისწერო შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება დაუშვებს" - იაგო კაჭკაჭიშვილი

ირაკლი ალასანია - "სააკაშვილმა თავისი რესურსი ამოწურა. ამაზე ვისაუბრე ამერიკელებთანაც, ბრიტანელებთანაც და ვიტყვი, რომ კატეგორიულად გამოირიცხება საქართველოში პუტინიზაციის შესაძლებლობა"

                                                * * *

რამაზ საყვარელიძე - "საქართველოში ვერ ვხედავ ფენას, რომელიც რადიკალური ცვლილებებით არის დაინტერესებული"

"როცა ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის, მათ წინააღმდეგ ძალას ვეღარ გამოიყენებ. მუბარაქი ბოლო წუთამდე ებღაუჭებოდა ტახტს, მაგრამ ხალხის ერთსულოვნებამ აიძულა, უკან დაეხია. საქართველოში ეგვიპტის სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ღარიბ-ღატაკთა მრავალრიცხოვანი ფენის არსებობა არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური მოტივით დაიწყოს გამოსვლები. თუმცა, ამ შემთხვევაში ვეწინააღმდეგები ისეთ ავტორიტეტს, როგორიც მარქსია, რომელიც ამბობს, რომ პროლეტარიატს არაფერი აქვს დასაკარგი ბორკილების გარდა, მაგრამ ის საუბრობს პროლეტარიატზე და არა უმუშევრებზე, დღეს საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს, მოსახლეობის 1/3 უმუშევარია, შეძლებულებს კი ცვლილებები არაფერში სჭირდებათ", - აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვერ ვხედავ ფენას, რომელიც რადიკალური ცვლილებებით არის დაინტერესებული" .

"ღატაკი, უპოვარი ფენისგან აქტიურობას ნაკლებად უნდა ველოდოთ, რადგან ფსიქოლოგიური ანალიზიც გვიჩვენებს, რომ როცა ადამიანი ნაბიჯს დგამს, უნდა იცოდეს, სად აღმოჩნდება, რა ელის წინ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ პრინციპით მიდიან ადამიანები ემიგრაციაშიც. რევოლუციაც ერთგვარი მიგრაციაა, ოღონდ მიგრაცია ირეალობაში. ეს თავდაჯერება მხოლოდ საშუალო ფენას აქვს, რომელსაც სურს, მეტს მიაღწიოს. კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში იყო მონობაში, მაგრამ რევოლუციები არ ხდებოდა. საფრანგეთის რევოლუციის მამოძრავებელი ძალა, იმდროინდელი ბურჟუაზია, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ბიზნესმენები იყვნენ. ასე რომ, დღეს საქართველოში ვერ ვხედავ ფენას (და არა პოლიტიკოსებს), რომელიც რადიკალური ცვლილებებით არის დაინტერესებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"ხშირად მხოლოდ სტერეოტიპებით, მზა ფორმულებით ვაზროვნებთ. 1990-იანი წლების ტრაგედია დაატრიალა იმან, რომ ორივე დაპირისპირებულ მხარეს იარაღი ჰქონდა, როცა იარაღი არ გაქვს, რით უნდა იომო? ხშირად "სამოქალაქო ომს" ჩაანაცვლებენ ფრაზით "სამოქალაქო დაპირისპირება". მაგრამ რას ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირება? ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური დაპირისპირება სულ არის, ოღონდ ეს სისხლისღვრაში არ გადადის. ამიტომაც, უკვე გამაღიზიანებელია ლოზუნგი: მოდი, ყველა ერთად დავდგეთ - ყალბი პათეტიკაა", - განმარტავს ექსპერტი.

"რაც შეეხება არგუმენტს, რომ "ბევრჯერ სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ", ზოგიერთმა ექსპერტმა ისიც დაითვალა, რამდენი ადამიანი გამოვიდა ეგვიპტეში და რამდენი - საქართველოში და როგორია მათი პროცენტული შეფარდება. კაიროში, სადაც ოცი მილიონი კაცი ცხოვრობს, მილიონი ადამიანი გამოვიდა, თბილისში ჩატარებულ ყველაზე ფართომასშტაბიან მიტინგზე კი ორასი ათასი კაცი იყო. ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის 200 ათასი იგივეა, რაც მარტო კაიროსთვის მილიონი. ასე რომ, საქართველოში პროცენტულად მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ეგვიპტეში. მაგრამ მილიონ მომიტინგესთან იარაღით დაპირისპირება უფრო რთულია, ვიდრე ორას ათასთან. როგორც ჩანს, ჩვენთან ქუჩაში გამომსვლელთა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს ვერ მიაღწია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა არ აღმოჩნდა ისე მტკიცე საკუთარ პროტესტში, როგორც არაბები", - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.

"... არაბულ სამყაროში რევოლუციის ტალღა დემოკრატიული ნიშნით წარიმართა, ხალხი ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა, ამას სოციალური პრობლემები დაერთო. როცა მიგაჩნია, რომ ამ მხრივ შენს სახელმწიფოში ყველაფერი წესრიგშია, მოვლენათა ამგვარ განვითარებას მიესალმები. მაგრამ როცა იცი, ამგვარი პრობლემები შენს მმართველობის სისტემასაც აქვს - ფრთხილობ. სხვათა შორის, ასეთივე ფრთხილი პოზიცია ჰქონდა რუსეთს. ასე რომ, სააკაშვილის პოზიცია ბუნებრივია, რადგან აღიარებს თუ არა იგი, ხალხმრავალი გამოსვლები საქართველოში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ, ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ხმამაღალმა განცხადებებმა, არადემოკრატიულმა არჩევნებმა, წაგებულმა ომმა განაპირობა. ყველა ეს საკითხი სამართლებრივ-პოლიტიკურია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "პრეზიდენტმა განაცხადა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მის პატივსაცემად მსოფლიოში ყველა რევოლუციას ყვავილის სახელს უწოდებენო და ამ ტალღის აზვირთება იწინასწარმეტყველა", პასუხობს:

"ეს ტალღა მართლა გაგრძელდება, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება მას ჯებირს არ დაახვედრებს. ჩემი აზრით, "ვარდების რევოლუციის" არ იყოს, არც არაბულ-აფრიკული რევოლუციებია ადგილობრივი წარმოშობის, უფრო იმპორტირებულს ჰგავს. თუმცა პრეზიდენტისგან განსხვავებით, მეეჭვება, რევოლუციებისთვის მცენარეების სახელებს "ვარდების რევოლუციის" გამო ირჩევდნენ მათი ნათლიები".

"კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება მხატვრების დარბევა..." - გურამ ცერცვაძე

"ჩვენი მხატვრები, მხატვართა კავშირის ღირსეული წევრები არ დათმობენ არაფერს. ისინი კვლავაც აპროტესტებენ იმ შედეგებს, იმ ფარსს, რომელიც დადგა გია ბუღაძის გუნდმა ყრილობის სახით. უკვე მართავენ ახალი გამგეობის სხდომებს, გია ბუღაძემ უკვე დანიშნა მოადგილეები - მან მოადგილეებად დანიშნა ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში", - აცხადებს მხატვართა კავშირის ყოფილი თანათავმჯდომარე გურამ ცერცვაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ქონება აქვს "მხატვართა კავშირს", რისთვისაც გია ბუღაძე იბრძვის? "იმასაც ამბობენ, ბუღაძემ იტალიაში ბინა იყიდა და ახლა იქ არის წასულიო".

"ესენი არიან თამარ გრიგოლია, იგივე ის გია გუგუშვილი, რომელმაც მას ხმები აჩუქა, ასევე დაინიშნა მიშა იაშვილი და ზურაბ გაბუნია. ესენი ყველანი არიან სამხატვრო აკადემიის თანამშრომლები. მხატვართა დიდმა ნაწილმა იუსტიციის სამინისტროში უკვე შეიტანა განცხადება, რათა შეჩერდეს მეორე მხარის რეგისტრაცია, ჩვენ ასევე შევიტანეთ განცხადება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში. სასამართლოშიც შევიტანთ სარჩელს, ამ მიმართულებით მუშაობს ახლა ჩვენი ადვოკატი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, შემდეგ კი სხვა გზასაც მივმართავთ. ეს სამარცხვინო აქტია. მე პირდაპირ ვაცხადებ - გრცხვენოდეთ! დღემდე მიკვირს, რისთვის სჭირდებოდა ასეთი მირთმეული ხმები ბატონ გია ბუღაძეს?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ ცერცვაძე.

"ახალ ცდილობენ და გაზეთ "24 საათშიც" დაბეჭდეს ბინძური სტატია, სადაც მადანაშაულებენ, თითქოს ჩემი ბრალია "მხატვართა კავშირის" ვალები და საერთოდ, გავაპარტახე ეს ორგანიზაცია. ამ გაზეთიდან ჩემთან არავინ მოსულა, არც არავინ დამლაპარაკებია. მე ამ ვალების შესახებ ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ვალები არ დაგროვილა გურამ ცერცვაძის მუშაობის პერიოდში. როცა აქ მოვედი, ასეთი ვითარება დამხვდა. ის ადამიანები, რომლებიც შპს "საქართველოს მხატვარს" ხელმძღვანელობდნენ წლების განმავლობაში, ერთი პერიოდი დააპატიმრეს კიდეც, ფულიც მიატანინეს და მერე გამოუშვეს ციხიდან. ხაზს ვუსვამ, რაც მე გავხდი "საქართველოს მხატვრის" დირექტორი, მას შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტმა ჩვენგან წაიღო 350 000 ლარი, ანუ ჩვენ იქით ვუხდიდით სახელმწიფოს. ვერ ვიტყვი, რომ ბუღაძეს რამე ქვენა გრძნობები ჰქონდეს, უბრალოდ, ვერ ვუშვებ ასეთ რამეს..." - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

"მხატვართა კავშირის ქონება არის ქანდაკების კომბინატი ლილოში, სადაც ჩამოისხა თითქმის ყველა ის ქანდაკება, რაც ქალაქში საბჭოთა პერიოდში დაიდგა. შემდეგაც გრძელდებოდა, ბოლო დროსაც გაკეთდა იქ რამდენიმე ქანდაკება, ამჟამად საამქრო გამართულად მუშაობს. ვერ ვიტყვი, რომ იქ დღეს რამე მნიშვნელოვანი დაკვეთები სრულდება, მაგრამ მომავალში შეუძლიათ ფულის კეთება, რა თქმა უნდა. იმ ქანდაკებების შესახებ, რაც იქ ჩამოისხა, აღარ ვილაპარაკებ - ადრე ბევრი ვილაპარაკე და კინაღამ შევეწირე კიდეც ამ საქმეს - იყო მუქარები, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. გამოვედი, თითქოს მე სახელმწიფო საქმეს ვეწინააღმდეგებოდი... არის კიდევ სამხატვრო კომბინატი ყაზბეგის ქუჩაზე, რომელიც დღეს შპს "საქართველოს მხატვრის" ბალანსზეა. ჩვენ აქ ვართ თავშეფარებული "მხატვრის სახლის" დაწვის შემდეგ, რომელიც რუსთაველზე მდებარეობდა. ჩვენ სასამართლოთიც კი მოვიგეთ ის ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ, ისევ უსამართლობას გადავაწყდით და სამხატვრო კომბინატს შევაფარეთ თავი", - განმარტავს მხატვართა კავშირის ყოფილი თანათავმჯდომარე.

"ჩვენ არც ოფისი გაგვაჩნია საკუთარი და არც არანაირი ქონება, სხვა მხრივ. ეს არის "საქართველოს მხატვრის" ბალანსზე, მაგრამ "მხატვართა კავშირის" სარგებლობაში ვერ იქნება, თუ არ მოხდა შერწყმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ქონება უნდა განკარგონ მხატვრებმა. მე რომ ჩემს მუშაობაში ეჭვი მეპარებოდეს და პირნათელი არ ვიყო, საზოგადოების წინაშე საერთოდ არ გამოვჩნდებოდი. პროკურატურითა და პოლიციით ჩემი დაშინება, ეს არის მოგონილი ფანდი. მოდის მესიჯები - ვინ მაშინებს და გია ბუღაძის მხარე. "მხატვართა კავშირის" ყრილობაზე მე მოვითხოვე, მოეცათ დაახლოებით ათი წუთი, რათა ანგარიში ჩამებარებინა ჩემი ამომრჩევლებისთვის, ესეც კი არ გამაკეთებინეს, რათა არ გამოჩენილიყო ჩემი რამე დადებითი", - მიიჩნევს გურამ ცერცვაძე.

"რატომ არ ამბობს არავინ, რომ "მხატვართა კავშირი" ვერ იარსებებდა ამ რვა წლის განმავლობაში, რომ არა ჩვენი მონდომება. ჩვენ ერთი თეთრიც არ აგვიღია სახელმწიფოსგან. არც ერთი თეთრი გურამ ცერცვაძეს შინ არ წაუღია აქედან - მე ცდილობდი და დღესაც ვცდილობ, ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. აი, ამიტომაც მებრძვიან. მე ახლა ისეთი ინფორმაცია მივიღე, ამჟამად ნამდვილად თავს ვიკავებ, კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება მხატვრების დარბევა..." - აცხადებს გურამ ცერცვაძე და შეკითხვას - "რა ინფორმაცია მიიღეთ, დარბევას ხომ არ გიპირებენ?" - პასუხობს:

"არაფერს არ გამოვრიცხავ. პირდაპირ მაშინებენ იმის გამო, რომ არჩევნები წააგეს, გააყალბეს. არიან მათ მხარეს ადამიანები, რომლებიც აღშფოთებული არიან. სულ ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა, ლუსტრაცია მოხდება და სირცხვილი მათ, ვინ ასეთ რამეს ხელი შეუწყო. ამათ იკადრეს უკადრებელი. მარტო მე კი არ მებრძვიან, იმ პიროვნებებსაც ებრძვიან, რომლებიც წლების განმავლობაში მართლაცდა კბილებით იცავდნენ ამ ქონებასა და ამ ღირებულელებს. არ უნდა დაიშალოს "მხატვართა კავშირი" - ეს ვის ინტერესებში შედის, მე არ ვიცი".

გამოკითხულთა 80%-ზე მეტი სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგია... "ეს იქნება ის საბედისწერო შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება დაუშვებს" - იაგო კაჭკაჭიშვილი

"პრეზიდენტ სააკაშვილის პრემიერად გახდომას დაახლოებით 76%-დან 87%-მდე გამოკითხული ეწინააღმდეგება - ასეთია ინტერნეტსაიტებზე მიმდინარე კვირას მოწყობილი გამოკითხვების შედეგი. ეს მონაცემები რადიკალურად განსხვავდება სამი თვის წინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამართული გამოკითხვისგან, სადაც კითხვაზე, "დაუჭერთ თუ არა მხარს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დაკავებას 2013 წლის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ?" - კვლევის შედეგების თანახმად, დადებითად გამოკითხულთა 56%-მა უპასუხა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სხვადასხვა გამოკითხვებით, მოქალაქეთა 76-87% სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგია.

"გამოკითხვა.ჯის" მიერ მოწყობილ გამოკითხვაში, შეკითხვას - "რომელ თანამდებობაზე ისურვებდით მიხეილ სააკაშვილის ნახვას მომავალში?" - 680-მა ადამიანმა უპასუხა. პასუხები ასე განაწილდა: პენსიაზე - 86,6%; პასუხი არ მაქვს - 5,6%; პრემიერ-მინისტრად - 3,8%; კვლავ პრეზიდენტის თანამდებობაზე - 3,4%; პარლამენტის თავმჯდომარედ - 0,6%. ანალოგიური კითხვა დაუსვა სააგენტო "პირველმა" თავის მკითხველებს: "სად ისურვებდით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხილვას?" ამ ეტაპზე 783 მკითხველი გამოეხმაურა. პასუხები ასე განაწილდა: არც ერთ სახელმწიფო თანამდებობაზე - 75,8%; პრემიერის პოსტზე - 15,8%; სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე 4,21%; პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე - 4,09%. საგულისხმოა, რომ გასული ოქტომბრის ბოლოს IRI-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ლიდერობდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"კვლევის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის გაპრემიერებას მხარს 56% უჭერდა, წანააღმდეგი კი 22% იყო, 7% კი ამას ნაწილობრივ უჭერდა მხარს. გამოკითხვაში 1500-მა ადამიანმა მიიღო მანაწილება. თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი ბოლო ერთი წელიწადია, ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავს არიდებს. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ კი თქვა, რომ ის "ცხოვრებით ტკბობას" გეგმავს და "პოლიტიკაზე საინტერესო სფეროებიც არსებობს". გასულ კვირას პარლამენტში მისულმა პრეზიდენტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა არც ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას, აპირებს თუ არა პრემიერობას", - დასძენს გამოცემა.

"საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს პრემიერი, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის - ამის მოხსნას არც ხელისუფლება ცდილობს, თითქოს სააკაშვილი ეთამაშება ამ საკითხს და გამოკვეთილი უარყოფითი პოზიცია არ აქვს. პრემიერობის განზრახვა ერთია, თუმცა რამდენად მოხერხდება სისრულეში მისი უმტკივნეულოდ მიყვანა, ეს უკვე დიდ კითხვის ნიშანს ჰბადებს. ვფიქრობ, ეს იქნება ის საბედისწერო შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება დაუშვებს", - აცხადებს გამოცემის რესპონდენტთან საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ირაკლი ალასანია - "სააკაშვილმა თავისი რესურსი ამოწურა. ამაზე ვისაუბრე ამერიკელებთანაც, ბრიტანელებთანაც და ვიტყვი, რომ კატეგორიულად გამოირიცხება საქართველოში პუტინიზაციის შესაძლებლობა"

"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. მომეცა საშუალება, ტრადიციულ საუზმეზე მელაპარაკა ამერიკის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან. პირადად ამერიკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შეფასება, ითქვა, რომ მსოფლიოში დასრულდა ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის ხანა, დასრულდა ავტორიტარიზმი. შეხვედრებისას გამოჩნდა ისიც, რომ საქართველოს აქვს შანსი, შეიქმნას ისეთი ინსტიტუტები, რომელიც მისცემს ადამიანებს საშუალებას, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნება თავისუფალ არჩევნებში. თუ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ელიტური კორუფციის ღერძი არის თვითონ სააკაშვილი".

"ბრიტანეთიცა და ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარს უჭერენ საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. დიდი მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად დაიწყო საქართველოში. მაკეინთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან შეხვედრისას გამოიკვეთა სამი საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც უახლოეს მომავალში აუცილებელია. ესენია: საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება, მედიის თავისუფლება და პოლიციის დეპოლიტიზაცია. სააკაშვილმა უნდა მოახერხოს თავისუფალი არჩევნების გამართვა და ხელისუფლების ახალი პოლიტიკური ძალისთვის მშვიდობიანად გადაცემა. საყოველთაო თანხმობაა იმაზეც, რომ უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ის დადებითი რეფორმები, რომლებიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"მკაფიოდ ითქვა ისიც, რომ სააკაშვილი არ არის ის ლიდერი, რომელსაც შეუძლია ქვეყანა წაიყვანოს პროგრესისკენ. მან თავისი რესურსი ამოწურა. ამაზე ვისაუბრე ამერიკელებთანაც, ბრიტანელებთანაც და ვიტყვი, რომ კატეგორიულად გამოირიცხება საქართველოში პუტინიზაციის შესაძლებლობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის უკვე წარსულია. იმის მიხედვით, რა სტრატეგიული პარტნიორობაც გვაკავშირებს დასავლეთთან, თუ როგორი დახმარება მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ბუნებრივია, მომავალ ლიდერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამერიკასა და ევროპასთან ლეგიტიმური და სანდო ურთიერთობები, თუმცა, ამასთანავე, უნდა იყოს ლიდერი, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, ურთიერთობის მოგვარებას შეძლებს. ჩვენ უნდა გვქონდეს დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც მოერგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

"ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი იყო ის, რომ ვერ გავიაზრეთ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, არ გვქონდა გეგმა, ამიტომაც ვერგებოდით ხან რუსეთის, ხან ამერიკის, ხან ევროპის გეგმებს. ამიტომაც იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა ზედაპირული და წარუმატებელი. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ეროვნული სტრატეგია, სწორედ ამაზე უნდა ააგოს მომავალმა ლიდერმა თავისი საქმიანობა", - დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ნათლად მიგვანიშნა, რომ ის 2013 წლის შემდეგ არსად აპირებს წასვლას და სწორედ ამას ნიშნავდა აქცენტირება 2015 წელზე", - პასუხობს:

"ჩემთვის უმნიშვნელოა, რას გულისხმობდა სააკაშვილი. ის იმდენად არათანამიმდევრულია, რომ უაზრობაა მისი გამოსვლის გაანალიზება. სააკაშვილის ხელისუფლების გამორჩეული ნიშანია, პრობლემები სხვას გადააბრალოს. ერთი რამ ცხადია, სააკაშვილმა დაგვანახვა, რომ არავითარი გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად, სოფლის მეურნეობაში პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად მას და მის მთავრობას არ აქვთ. სოფლის მეურნეობა პირველად გაახსენდათ, დარგი სრულიად გაპარტახებულია. ვერ შეიქმნა საშუალო ფენა, გაიზარდა ელიტური კორუფცია, შეიქმნა და გაძლიერდა მონოპოლიები... სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას რაც შეეხება, საბოლოოდ, ამაზე გავლენა ექნება იმას, თუ რას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, სხვა ყველაფერი იქნება დამხმარე ფაქტორი".

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო