რამაზ ნიკოლაიშვილი ქუთაისში, პარლამენტის შენობის ფინანსურ მხარეზე კომპეტენტური არ არის

რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტის შენობის ფინანსურ მხარეზე იგი კომპეტენტური არ არის.
ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის საპასუხოდ განაცხადა.
ცაგარეიშვილი დაინტერესდა, რა ჯდება ქუთაისში პარლამენტის შენობის აგება, რა დაჯდა კონტროლის პალატის შენობის მშენებლობა და ასევე, რა დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა.
რამაზ ნიკოლაიშვილმა მხოლოდ კონტროლის პალატისა და პარლამენტის მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამის პროგრამაზე გამოყოფილია სერიოზული თანხები, თუმცა, მისი უწყება ამ პროცესზე მხოლოდ ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს.
მისივე განცხადებით, მშენებლობა გრაფიკში ეტევა, თუმცა, რა ჯდება ეს მშენებლობა, ამ საკითხში კომპეტენტური არ არის. "ფინანსური ნაწილი არ არის ჩემი საკითხი", - აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

























