ნიკა გილაური - 4 წლის წინ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურა, ახლა კი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა

ნიკა გილაური - 4 წლის წინ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურა, ახლა კი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა

"საქართველოს ათასწლეულის ფონდმა" ხუთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

როგორც ფონდის წარმომადგენლებმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს, ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველომ 395,3 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო და პროგრამის დაფინანსების ფარგლებში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მათ შორის სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის, აგრობიზნესის განვითარების, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები.

ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა ფონდის საქმიანობის ფარგლებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობას ერთ-ერთი წარმატებული პარტნიორობის მაგალითი უწოდა. "ეს არის პარტნიორობა, რომელმაც მეტი მოიტანა, ვიდრე რაღაცის გაკეთება ხალხისთვის. ეს არის ის ინვესტიციები, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ჩავდეთ. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მდგრადი და გრძელვადიანი პარტნიორია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას", - განაცხადა ჯონ ბასმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მადლობა გადაუხადა პროექტის მოანწილეებს და ამერიკის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის. მისი განცხადებით, 5 წლინ წინ წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველო მსგავს წარმატებას მიაღწევდა. პრემიერის თქმით, ქვეყანას განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე განსხვავებული მოთხოვნები აქვს და, შესაბამისად, საქართველო ამჟამად სხვა გამოწვევების წინაშე იმყოფება.

გილაურის განცხადებით, 4 წლის წინ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურა, ახლა კი საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მისთვის მთავარი პრიორიტეტი განათლებაა. "მეორე კომპაქტისთვის ჩვენ ვითხოვთ პროექტებს, რომელიც განათლებასთან იქნება დაკავშირებული, რადგან ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ეს შეიძლება იყოს სამეცნიერო პროექტები. ამჯერად ჩვენი ქვეყნისთვის ეს უფრო სტრატეგიულია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.