მიხეილ სააკაშვილი - არ შეიძლება, საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა .

პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ლადო ვარძელაშვილსა და თემურ სიჭინავას ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მოხდება ეროვნული ჩემპიონატების პირდაპირი ტრანსლაცია და რეგიონებში აშენდება ახალი სტადიონები, რომლებსაც მაღალი ხარისხის საფარი ექნება.

"მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ რამდენიმე ასეული, ათასზე მეტი საბავშო მოედანი ავაშენეთ და ეს იყო პირველი ძალზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ფეხბურთის გასავითარებლად გავაკეთეთ. დღე და ღამე ბავშვები მიკრულები არიან ამ მოედნებს, განსაკუთრებით ზაფხულში, ღამის ორ-სამ საათამდე თამაშობენ. შემდეგი ეტაპია სკოლების განვითარება, მათ შორის, შეგვიძლია ინტერნატების სისტემის აღდგენა და ყველგან სათანადო პირობების, მოედნებზე შესაბამისი საფარის შექმნა. სტადიონებზე კარგი საფარი, პრაქტიკულად, ორ ადგილზე გვაქვს - ზესტაფონში და პაიჭაძის სახელობის მოედანზე, ქუთაისში კეთდება. ვიცი, რომ სტადიონების მშენებლობა იგეგმება ზუგდიდსა და ბათუმში და ამას მომავალი წლის დამლევმდე გავაკეთებით", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ფეხბურთის ლიგის ტრანსლაციის საკითხსაც შეეხო. "ამის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ვთხოვოთ და საამისოდ საჭირო რესურსი მივცეთ. ჯერ ერთი, ეს ამაღლებს მსაჯობის დონეს - მუდმივი სკანდალები მსაჯებზე ყველა ზღვარს სცდება და მეორე, გუნდებს გაუჩენს სტიმულს. ფინანსური სტიმულირების გარდა მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეს, რაც ფეხბურთელებს მორალურ სტიმულსაც მისცემს. რეალურად, ლიგის ყველა ძირითადი თამაში ტრანსილებული უნდა იყოს. კვირაში ერთხელ მაინც რომ მოხდეს რომელიმე მნიშვნელოვანი მატჩის ტრანსლაცია, ეს ფეხბურთის პოპულარიზაციის საშუალებას მოგვცემს და, ზოგადად, დონეც ამაღლდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა საქმისთვის უნდა გამოიყოს თანხა, წელს საამისოდაც გამოვძებნით ფულს, რადგან, მიმაჩნია, რომ ფეხბურთი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმეა. ფული გამოიყოფა მოედნის საფარისთვის, ინტერნარტების აღდგენისა და ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია სკოლის ლიგის განვითარება და მწვრთნელთა რესურსის ბოლომდე გამოყენება, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ შეზღუდულია. "არ შეიძლება, რომ საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს. ჩვენი ტრადიციების, განწყობისა და სულისკვეთების მქონე ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ფეხბურთი, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება ასევე სახელმწიფოსგან", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა