თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის 135 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
~საუნივერსიტეტო საზოგადოება პატივს მიაგებს უნივერსიტეტის დამაარსებლის ხსოვნას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილის იუბილეს და წელს ეს თარიღი განსაკუთრებული იქნება. დამფუძნებლის 135 წლის იუბილეს ღონისძიებების ციკლი მიეძღვნება", – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
იუბილის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე კონფერენციის ჩატარება, ერთ–ერთი მათგანი სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმში ჩატარდება. ასევე გაიმართება რეგიონული კონფერენცია, რომლის შემაჯამებელ სხდომას შემოდგომაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე განახლებულ პირველ კორპუსში უმასპინძლებენ.
მეცნიერი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილი 1876 წლის 23 აპრილს დაიბადა. ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით, 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა.