ეროვნულ არქივში გამოფენა "სესილია" გაიხსნება

ცნობილი ქართველი მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად დღეს, ეროვნულ არქივში გამოფენა "სესილია" გაიხსნება.
ეროვნული არქივის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არამარტო ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, არამედ სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომებში არსებული ფოტოები.
გამოფენილი იქნება მსახიობის როგორც კინო, ისე თეატრალური როლების ამსახველი კადრები, ასევე, ბიოგრაფიული შინაარსის ფოტოები.
ეროვნულ არქივში დაცულია სესილია თაყაიშვილის მონაწილეობით გადაღებული 30-მდე მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნის კადრები, მათ შორისაა: `აბეზარა~ (1956), `ჩვენი ეზო~ (1957), `მანანა~ (1958), `საბუდარელი ჭაბუკი~ (1958), `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~ (1962), `თოჯინები იცინიან~ (1963), `პიერი – მილიციის თანამშრომელი~ (1965), `ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი~ (1966), `მალე გაზაფხული მოვა~ (1967), `დიდოსტატის მარჯვენა~ (1969), `ნერგები~ (1972), `ნატვრის ხე~ (1977), `ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი~ (1984) და სხვ.
საინტერესოა სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოსურათები, რომელიც მსახიობის თეატრალურ როლებს ასახავს: სიუზონი სპექტაკლში `ფიგაროს ქორწინება~ (1937); პარასკევა სპექტაკლში `ნაპერწკალიდან~ (1937); პრიუდანსი სპექტაკლში `მარგარიტა გოტიე~ (1940); ჰერცოგინია გალზბურგი სპექტაკლში `რიუ ბლაზი~ (1941); კატარინა სპექტაკლში `ჭირვეული ცოლის მორჯულება~ (1943); ბარონესა შტრალი სპექტაკლში `მასკარადი~ (1946); გამდელი სპექტაკლში `რომეო და ჯულიეტა~ (1949); ელისაბედ დედოფალი სპექტაკლში `მარიამ სტიუარტი~ (1955) და სხვ.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება 1980 წელს რეჟისორ თემურ ბაქრაძის გადაღებული კინონარკვევი `სესილია თაყაიშვილი~.
გამოფენა 25 მაისს დაიხურება.

























