ერთწლიანი განხილვის შემდეგ "ეკონომიკური თავისუფლების" შესახებ ორგანული კანონი დამტკიცებულია

ერთწლიანი განხილვის შემდეგ "ეკონომიკური თავისუფლების" შესახებ ორგანული კანონი დამტკიცებულია

პარლამენტმა ერთწლიანი განხილვის შემდეგ, "ეკონომიკური თავისუფლების" შესახებ ორგანული კანონი დაამტკიცა.

"ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონი, ჯერ კიდევ 2009 წლის 6 ოქტომბერს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს იყო დაანონსებული. თუმცა, მაშინ ის "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ კი ორგანული კანონის სახე მიიღო.

პრეზიდენტმა მაშინვე განაცხადა, რომ ამ აქტით საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) არ იქნება 30-ზე მეტი; ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან კონსტიტუციურად დაფიქსირდება, რომ იქნება არა უმეტეს 3 პროცენტისა; მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან იქნება არა უმეტეს 60 პროცენტისა. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადასახადის შემოღების ან გადასახადის განაკვეთის გაზრდის შესაძლებლობა "გამონაკლისის სახით" უნდა იყოს და რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით დადგინდეს.

"ეს აქტი ამავე დროს ძალიან ამბიციურია, რადგან მისი მიღების შემდეგ საქართველო გადაიქცევა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად, კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ეკონომიკური ლიბერალიზმის დადგენის და დაცულობის კუთხით", – განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით პარლამენტმა მალევე განახორციელა. კერძოდ, შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში შარშან დაამტკიცა. თუმცა, რეფერენდუმის გარშემო უკანასკნელ დღეებში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დღეს უჭირდათ იმაზე საუბარი, თუ რამდენად ქმედითი და რეალურია ეს ჩანაწერი, რადგან, რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, საქართველოს რეგიონები კი ოკუპირებულია.

კონსტიტუციაში განხორციელებული ამ ცვლილების ერთგვარი გამოსავალია პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული ორგანული კანონი, რადგან მასში ჩაიწერა, რომ მთავრობას უფლება აქვს მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა არა უმეტეს 3 წლის ვადით, გადასახადების დროებითი გაზრდის შემთხვევაში კი რეფერენდუმი არ ტარდება.

ორგანული კანონი 2013 წლის 31 დეკემბრიდან შევა ძალაში.