"არტ გენი 2011-ზე" დღეს გორის ფოლკლორული ანსამბლები გამოვლენ

გორის მუნიციპალიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "გორი" და ქართულ-ხალხური ცეკვების ანსამბლი "შევარდენი" ფესტივალ ,,არტ გენი 2011"-ში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ანსამბლები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგებიან.
ანსამბლი "გორი" 2008 წელს შეიქმნა და 39 წევრს აერთიანებს. ამ ხნის მანძილზე ანსამბლმა მდიდარი რეპერტუარი შექმნა, რომლითაც უკვე წარსდგა გორელი და თბილისელი მაყურებლის წინაშე.
აღნიშნულ ანსამბლებთან ერთად "არტგენი 2011"-ში გორელი ხელოვანებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც დამთვალიერებელს საკუთარ ნამუშევრებს წარუდგენენ.
გორი ფესტივალში 2008 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. "არტ გენი" ქვეყნის საოჯახო ფოლკლორისა და ძირძველი ტრადიციების მოძიების და მათი პოპულარიზაციის მიზნით 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს ყველა რეგიონი მონაწილეობს.
ფესტივალს წელს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი მასპინძლობს.

























