ნიკა გილაური ბიზნესმენებს ხვდება

ნიკა გილაური ბიზნესმენებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე საქართველოში მოქმედ 50-მდე მსხვილ ბიზნესმენს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადეს, შეხვედრაზე ბიზნესმენების მისამართით მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანია ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება.

"ბიზნესი მთავრობისგან სამ ძირითად გზავნილს ელოდება. ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რაც სამართლიან საგადასახადო ადმინისტრირებას გულისხმობს და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შეუქცევადობას", - განაცხადა გვინდაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ბიზნესმენების წინაშე დეტალური ანალიზით წარდგება, ასევე საუბარი შეეხება ეკონომიკური თავისუფლების აქტს და მის მნიშვნელობას საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით.

ეკონომიკური თავისუფლების აქტი საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის წინ დაამტკიცა. აქტის თანახმად, ახალი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, ხოლო საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 30 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

ეკონომიკური თავისუფლების აქტი 2013 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდება.