პაატა დავითაია - აფხაზები მხარს ალექსანდრე ანქვაბს დაუჭერენ

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზები მხარს ალექსანდრე ანქვაბს დაუჭერენ. ამგვარი პროგნოზი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ გააკეთა.
დავითაია აღნიშნავს, რომ აფხაზეთში აფხაზური და პრორუსული ბანაკებია ჩამოყალიბებული, რომლებსაც შესაბამისად ალექსანდრე ანქვაბი და სერგეი შამბა მეთაურობენ. იგი ასევე იხსენებს, რომ 2004 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფშმა რეალურად ანქვაბის ხარჯზე გაიმარჯვა, რომელიც მაშინ ბაღაფშთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს.
"მიმაჩნია, რომ ანქვაბის გამარჯვების შანსი დღესაც ძალიან დიდია. აფხაზები ხედავენ, რომ ვერ იცავენ ტერიტორიას, საკუთარ ქონებას და ეს ყველაფერი მათ დიდ პრობლემებს უქმნის. ანქვაბი კი არის ფიგურა, რომელიც აფხაზეთს განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და არა რუსეთზე დამოკიდებულს. სწორედ ამიტომ მას აფხაზების უმეტესობა მხარს დაუჭერს და დარწმუნებული ვარ, ანქვაბი გაიმარჯვებს კიდეც, იმის მიუხედავად, რომ კრემლი შეეცდება, შამბას გაამარჯვებინოს. აფხაზებმა მოსკოვის ნებას მაშინაც გაბედულად გაუწიეს წინააღმდეგობა, როცა თვით ვლადიმერ პურტინმა ფსონი რაულ ხაჯიმბაზე დადო", - განაცხადა პაატა დაითაიამ.
ანქვაბის გამარჯვების შემთხვევაში დავითაია შამბას მიერ რევოლუციის ორგანიზების შესაძლებლობას არარეალურად მიიჩნევს და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ შამბას აფხაზები მხარ არ უჭერენ. "ამ ფონზე ეს იქნება არა რევოლუცია, არამედ რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალება აფხაზეთში, რომელიც პირობითად სახელმწიფო წარმონაქმნად იგულისხმება", - აღნიშნა პაატა დავითაიამ.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოსთვის არის დანიშნული. კენჭს მოქმედი დე-ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყრიან.

























