22-წლიანი პაუზის შემდეგ ლამარა ჭყონია ბათუმელ მსმენელს შეხვდა. ცნობილი სოპრანო მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში შეკრებილების წინაშე ტრადიციულად მეუღლესთან ერთად წარსდგა. როგორც ცნობილია მორის ლეკიაშვილი მეუღლის ყველა კონცერტს და მნიშვნელოვან რეპეტიციას ესწრება. 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ლამარა ჭყონია სცენაზე აღარ ასულა. მაშინ ცნობილმა ოპერის მომღერალმა ყველა დაგეგმილი გასტროლი გადადო, მათ შორის კონცერტები რუსეთში.
არაერთი ცნობილი საოპერო არიის შემსრულებლის, ლამარა ჭყონიას 80 წლის იუბილე, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გადაწყვეტილებით, დღეს ბათუმში გაიმართა. ახლად გახსნილ მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში მორიგი გრანდიოზული კონცერტის მოსამზადებლად აჭარის მუსიკალური ცენტრის კაპელამ და ორკესტრმა, დავით მუქერიას დირიჟორობით, ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა, იტალიელმა, ესპანელმა და უკრაინელმა ოპერის მომღერლებმა და მსახიობებმა – ლამარა ჭყონიას საიუბილეო კონცერტზე დასასწრებად ყველა დაგეგმილი კონცერტი გადადეს და მონაწილეობის მისაღებად ზღვისპირა ქალაქში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ.
ლამარა ჭყონიას შვილმა ეთერ ლამორისი-ჭყონიამ, გუნდთან ერთად საკუთარი პარტიები შეასრულა. საღამოს კონცერტი მან იტალიელ მომღერალთან ერთად გახსნა. ეთერ ჭყონიამ ვერდის ტრავიატა შეასრულა.
საღამოს მაია ბარათაშვილთან ერთად იტალიელი კრიტიკოსი, არაერთი გადაცემის წამყვანი, ცნობლი ტენორი ენრიკო სტინკელი წარუძღვნენ. თავად მაია ბარათაშვილმა მსმენელისთვის კონცერტის მეორე განყოფილებაში რამდენიმე ცნობილი კომპოზიცია შეასრულა, კონცერტზე იყო ბევრი იმპროვიზაცია და სიურპრიზი.
ორ განყოფილებიან კონცერტზე შესრულდა პოპულარული საოპერო არიები. გარდა ამისა, ნაჩვენები იყო ლამარა ჭყონიას მიერ შესრულებული ნაწარმოებების ვიდეოჩანაწერები.
ლამარა ჭყონია საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის დამსახურებული სახალხო არტისტია. ის არაერთი კონკურსის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელია.