სოფელ ლესასთან გუშინ მომხდარი ავტოავარიის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და საბოლოო დასკვნას გამოძიება დადებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გურიის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ბოლქვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველადი ვიზუალური დათვალიერებით ყველაზე ნაკლებად ავტობუსის მძღოლის ბრალეულობა იკვეთება, თუმცა ზუსტ პასუხს ექსპერტიზა იტყვის. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ავტოავარიაში მეოთხე სატრანსპორტო საშუალების - ტრაქტორის მონაწილეობის შესახებ, ბოლქვაძის თქმით, ამის დადგენა გამოძიების საკითხია. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ადგილზე მისვლისას საგანგებო სიტუაციების სამსახურს მხოლოდ სამი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება დახვდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ავარიაში სამგზავრო ავტობუსის, სამარშუტო ტაქსისა და მსუბუქი ავტომანქანის გარდა, ფიგურირებს კიდევ ერთი სატრანსპორტო საშუალება, სავარაუდოდ, ტრაქტორი და მისაბმელი, რომელსაც შეშა გადაჰქონდა. მორის დაცურებამ კი, ავტოავარია გამოიწვია.
გუშინ საღამოს, თურქეთიდან თბილისისკენ მომავალი სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. ავტოავარიას მიკროავტობუსის 7 მგზავრი ემსხვერპლა, 25-მდე კი დაშავდა. დაშავებულები ბათუმის, ფოთისა და ქობულეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.