საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან . შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

მიღებული ტრავმების გამო, ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე გუნდს დღესაც ვერ დაეხმარებიან.

საბერძნეთთან შეხვედრის შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ-2011-ს გამოეთიშება. მეოთხედფინალში გასასვლელად ნაკრებს არა მხოლოდ საბერძნეთთან, არამედ ფინეთთან გამარჯვებაც სჭირდებოდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა 10 სექტემბერს ფინელებთან მატჩი 73:87 დათმეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. გუნმდა ბასკეტარენაზე დღემდე შვიდი თამაში გამართა და ორი მოიგო - ბელგიასთან და უკრაინასთან.

ევროპის ჩემპიონატზე იგორ კოკოშკოვის გუნდი ასეთი შემადგენლობით იმყოფება: გიორგი გამყრელიძე, ვლადიმერ ბოისა, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია, მარკიზ ჰეინსი, გიორგი შარაბიძე, ლაშა ფარღალავა.