ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე რუსულ-ქართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე რუსულ-ქართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ რუსულ-ქართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა .

ძირითადი საკითხი, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ იყო ის, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის საქართველოსთვის ხელმისაწვდომობას არ დათანხმდა.

"საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას იქამდე არ დათანხმდება, სანამ ის არ შეცვლის პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის რეჟიმთან დაკავშირებით", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მედვედკოვი კი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ წამოყენებული მოთხოვნები ვმო-ს პასუხისმგებლობის საზღვრებს სცდება.

სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ეს იყო ორმხრივი მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდი ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. "ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს იმაში, რომ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თუმცა, როგორც "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით წერს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები 17 ოქტომბერს განახლდება.