პრემიერ-მინისტრი ჰესების მშენებლობაში 13 ათასი ადამიანის დასაქმებას ვარაუდობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჰესების მშენებლობაში 13 ათასი ადამიანის დასაქმებას ვარაუდობს.
როგორც დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე გილაურმა განაცხადა, საქართველოში მიმდინარეობს რამდენიმე ჰესის მშენებლობა, მომავალი წლიდან კი ახალი პროექტების განხორციელებაც იგეგმება.
"ენერგეტიკა ყველაზე ხელშესახები სფეროა საქართველოში, რადგან დღეს უკვე მიმდინარეობს ათი ახალი ჰესის მშენებლობა. მომავალ წელს კიდევ, დამატებით მინიმუმ ექვსი, მაქსიმუმ 11 ჰესის მშენებლობა დაიწყება. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობები, სადაც დასაქმდებიან როგორც იურისტები, ისე ფინანსისტები, ინჟინრები, ტექნოლოგები, მუშები", _ აღნიშნა გილაურმა.
პრემიერის თქმით, სარკინიგზო პროექტები დამატებით რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს. გილაურის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის, თბილისის შემოვლითი რკინიგზისა და თბილისი-ბათუმის პროექტი 8 ათას ადამიანს დაასაქმებს.

























