თბილისში ხვალ ეგვიპტის დღეები იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეგვიპტის კულტურის დღეები საქართველოში ხვალ, 14:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ეგვიპტელი ფოტოგრაფების ჯგუფური გამოფენით გაიხსნება.
ექსპოზიცია, სახელწოდებით "ლამაზი ეგვიპტე" ასახავს ეგვიპტის ულამაზეს პეიზაჟებს: ტაძრები, პირამიდები, სამარხები, ობელისკები, ასევე, ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების ღირსშესანიშნავ ადგილებს.
გარდა ამისა, ფოტოგამოფენა აერთიანებს ქაიროს როგორც თანამედროვე საცხოვრებელ ადგილებს, ისე ქალაქის ისტორიულ მხარეებს, ასახულია ეკლესიები, კოპტური ძეგლები და ა.შ.
ეგვიპტის კულტურის დღეების ფარგლებში 1–2 ნოემბერს, 20:00 საათზე გრიბოედოვის სახელობის თეატრში, ქაიროს ოპერის საბალეტო დასის წარმოდგენა გაიმართება. პირველ მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება ბალეტი "მალგრე ტოუტ", მეორე მოქმედებაში კი, სუიტა ბალეტიდან "პირამიდები".
ეგვიპტის კულტურის დღეების გახსნამდე, ხვალ 13.00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ART-კაფეში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე საგარეო კულტურული ურთიერთობების საკითხებში ჰოსამ საად ზაღლულ ნასარი, საერთაშორისო ფესტივალებისა და პროგრამების გენერალური დირექტორი ამირ ნაბეჰ თადრისი, კულტურული დოკუმენტაციის დირექტორი ადელ ფარაგ აჰმედი და საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.