საქართველო-რუსეთის შეთანხმება აფხაზური ოპოზიციის შეშფოთებას იწვევს

საქართველო-რუსეთის შეთანხმება, საერთაშორისო დამკვირვებლების რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე განთავსების შესახებ, აფხაზური ოპოზიციის შეშფოთებას იწვევს . "როსბალტის" ცნობით, "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფრონტის" ლიდერის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი აფხაზეთის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის.
მისი ფორუმის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოსალოდნელმა საერთაშორისო მონიტორინგმა შეცდომაში არავინ უნდა შეიყვანოს. "საქართველო ცდილობს, არა მხოლოდ გააკონტროლოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი, არამედ ამ ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია აღადგინოს. ამგვარად, იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის დაკნინების პრეცედენტი, რომლის გარანტადაც საერთაშორისო არენაზე რუსეთის ფედერაციაა", – ნათქვამია ფრონტის განცხადებაში.
ამასთან, აფხაზური ოპოზიცია არ დავობს რუსეთის იმ უფლებაზე, რაც ვმო-ში გაწევრიანებას უკავშირდება, თუმცა, შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ-რუსული მოლაპარაკებების თაობაზე, რომელსაც წინ არ უძღოდა სოხუმთან მოლაპარაკება, რომელიც, ფრონტის აზრით, "პირდაპირ კავშირშია მოსკოვის მიერ აღიარებულ სუვერენიტეტთან".

























