190-მდე გაზრდილი დეპუტატების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას პარლამენტში 9 დეკემბერს მოისმენენ

190-მდე გაზრდილი დეპუტატების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას პარლამენტში 9 დეკემბერს – მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მოისმენენ.
ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომლებიც დეპუტათა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის გადაწყვეტილების ბიუჯეტზე ზემოქმედებით დაინტერესდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აინტერესებთ, რატომ წერია პროექტის განმარტებით ბარათში, რომ მისი მიღება ბიუჯეტზე გავლენას არ იქონიებს მაშინ, როცა შეუძლებელია 150 და 190 დეპუტატი თანაბარი თანხით დაფინანსდეს.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით კი, განმარტებით ბარათში მსგავსი ჩანაწერი იმიტომ არის, რომ ის გავლენას არ იქონიებს მიმდინარე წლის ბიუჯეტზე, რადგან ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 9 დეკემბერს განიხილება და, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტის თაფინანსებაზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია, სწორედ 9 დეკემბერს იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება აპარატს, იურიდიული საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, მომავალი წლისთვის პარლამენტის აპარატის არც შემცირებაზე და არც გაზრდაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს და ცვლილება, სავარაუდოდ, აპარატს შიგნით, ფუნქციურად განხორციელდება.
რაც შეეხება პარლამენტის დაფინანასებას, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2012 წელს პარლამენტი ისევე დაფინანსდება 33, 900.7 ათასი ლარით, როგორც წელს. ასევე, პარლამენტის ასიგნებებში შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელსაც და მიმდინარე წელსაც, 16, 648. 5 ათასი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–საჯარო განხილვის კომისია მუშაობის დასრულებამდე, დეპუტატების რაოდენობის ისევ 150-მდე დატოვებაზე შეთანხმდეს.

























