მოსკოვი სოხუმს სირიაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალთა რეპატრიაციას სთავაზობს

ოფიციალური მოსკოვი სოხუმს სირიაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალთა აფხაზეთში რეპატრიაციას სთავაზობს. ამ თემაზე აქვეყნებს სტატიას ინტერნეტგამოცემა "კავკასკი უზელი". მასალის სრული ტექსტი სოხუმში გამომავალმა ყოველკვირეულმა გაზეთმა "ჩეგემსკაია პრავდამ" 20 დეკემბრის ნომერში გამოაქვეყნა.
სტატია სათაურით ”რა ადგილი უჭირავს აფხაზეთს ”სირიის კრიზისში”? იწყება იმ ისტორიის გახსენებით, რომელიც მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომის დასრულების შემდეგ აფხაზი მუჰაჯირების სირიაში გადასახლებას ეხება. მასალის ავტორის მტკიცებით, ვაჟკაცური ხასიათისა და სამხედრო საქმის კარგად ცოდნის წყალობით, აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებს სირიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ ძალოვან უწყებებში, სპეცსამსახურებსა და პარტია "ბაასში"; აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლები პრეზიდენტ ჰაფედ ასადის საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდნენ. 1982 წელს, ხამას რეგიონში აჯანყების დროს, როდესც ჰაფედ ასადის რეჟიმს საფრთხე შეექმნა, აჯანყების ჩახშობაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზი წარმოშობის სამხედროებმა და სპეცსამსახურებში მყოფმა პირებმა, რომლებსაც საკვანძო თანამდებობები ეკავათ. სტატიის ავტორის თქმით, სირიაში აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლები აღიქმებიან, როგორც მმართველი რეჟიმის უერთგულესი მსახურები.
ამის შემდეგ სტატიაში საუბარია სირიაში დღეისთვის არსებულ ვითარებაზე - პრაქტიკულად აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პრეზიდენტ ბასარ ასადის ხელისუფლება დაემხობა, ამერიკა არ დაუშვებს სირიის ტერიტორიაზე "ბაასის" მსგავსი პარტიების არსებობას. სტატიის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სირია ლიბია არ არის და იქ გარეშე ძალების ჩართვა გამორიცხულია, ერაყის მსგავსი სამოქალაქო ომის პროცესების დაწყება სავარუდოა, რასაც ბასარ ასადის რეჟიმის დაცემა მოჰყვება. ამით რუსეთი ახლო აღმოსავლეთში თავის ყველაზე ახლო მოკავშირეს დაკარგავს. სტატიის ავტორი სირიაში ვითარების გამწვავებაში საფრანგეთს, თურქეთს და ისრაელს ადანაშაულებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, დღეს სირიას მხარს უჭერენ მხოლოდ რუსეთი, ჩინეთი და ირანი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბასარ ასადის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩდებიან აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლები, რომლებიც, იმის გარდა, რომ ასადების რეჟიმს ერთგულად ემსახურებოდნენ, წარმატებით ებრძოდნენ დასავლეთსა და ამერიკას.
შემდეგ სტატიის ავტორი წერს, თუ რა უნდა გაკეთდეს - ახლა საჭიროა, უმოკლეს ვადებში სირიიდან აფხაზეთში რაც შეიძლება ბევრ აფხაზ მუჰაჯირთა ჩასახლება. რეპატრიანტთა ტრანსპორტირების, ფინანსური უზრუნველყოფისა და დიპლომატიური საკითხების მოგვარება თავის თავზე რუსეთმა უნდა იაღოს. ამგვარი გადასახლების დადებით მაგალითად სტატიის ავტორს მოჰყავს ყოფილ იუგოსლავიაში, სამოქალაქო ომის დროს ბოსნიიდან ადიღეაში იმავე მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომის დასრულების შემდეგ გადასახლებულ ადიღეელთა შთამომავლების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება და ადგილობრივთან უპრობლემო ადაპტაცია.
"თუ რუსეთი და აფხაზეთი, როგორც ორი სახელმწიფო, მოისურვებენ, სირიიდან აფხაზეთში აფხაზ მუჰაჯირების რეპატრიაციას, მათ შეუძლიათ ამ საკითხის იოლად გადაწყვეტა. დადგა ის მომენტი, როცა ორვე მხარეს შეუძლია დიასპორებისადმი თავისი კეთილი დამოკიდებულების დამტკიცება",- აღნიშნავს სტატიის ავტორი, გვარად პშოუ.
მისივე თქმით, ამ რეპატრიაციის განხორციელების შემთხვევაში კავკასიელ ხალხებში რუსეთის პრესტიჟი და სიმპატიები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
"თუ ამ ოპერაციისთვის დახარჯულ ფინანსებსა და პოლიტიკურ მოგებას ერთმანეთს შევადარებთ, მაშინ ნათელი იქნება, რომ მოგება გაწეულ ხარჯებზე მნიშვნელოვნად მეტი აღმოჩნდება", - დასძენს სტატიის ავტორი, რომლის მტკიცებითაც, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში არავის უნდა ჰქონდეს შიში, რომ სირიაში მცხოვრებ აფხაზ მუჰაჯირთა აფხაზეთში ჩასახლება აფხაზეთში რადიკალური ისლამის იდეოლოგიის გავრცელებას გამოიწვევს.
მისივე მტკიცებით, აფხაზ მუჰაჯირთა ჩასახლება უდიდეს წვლილს შეიტანს აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტაში და ხელს შეუწყობს, როგორც სამუშაო ძალების გაჩენას, ასევე აფხაზეთში წარმოების განვითარებას.
დამკვირებელთა შეფასებით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ გასულ კვირას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მოულოდნელი ვიზიტი აფხაზეთში სწორედ სირიიდან აფხაზეთში აფხაზ მუჰაჯირთა რეპატრიაციის საკითხს უკავშირდებოდა. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ აფხაზურ მედიას შეუმჩნეველი დარჩა სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის ვიზიტი. სერგეი ლავროვის მოადგილის 19-20 დეკემბერს სოხუმში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე 21 დეკემბერს გაჩნდა. როგორც ჩანს, სოხუმში ვიზიტისას ნიკილაი პატრუშევს გრიგორი კარასინიც ახლდა. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ პატრუშევს სირიიდან რეპატრიანტთა დიდი რაოდენობით ჩასახლების აუცილებლობაში სოხუმის ხელისუფლების დარწმუნება გაუჭირდა, რის გამოც გრიგორი კარასინს აფხაზეთში ჩასვლა მოუწია.

























