ნიკა გილაური - ონიშჩენკოს ქართული მომხმარებლის სახელით მადლობა უნდა გადავუხადოთ ღვინის ხარისხის ზრდისათვის

"საერთოდ, მე მგონი გენადი ონიშჩენკოს მადლობაც კი უნდა გადავუხადოთ ქართული მომხმარებლის სახელით ღვინის ხარისხის ზრდის და ღვინის ექსპორტის ასეთი დივერსიფიკაციისთვის", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ემბარგომდე საქართველოდან 40 მილიონ ბოთლზე ღვინის ექსპორტით შემოდიოდა 40-45 მილიონი დოლარი, 2010 წელს საქართველომ განახორციელა 14-15 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი, რითაც ქვეყანაში 60 მილიონი ლარი შემოვიდა.
"ანუ სამჯერ ნაკლები გავიდა და თანხა გაცილებით მეტი შემოვიდა. ამ პერიოდში ღვინის ხარისხი გაიზარდა, მოგება გაიზარდა და საერთოდ, მე მგონი გენადი ონიშჩენკოს მადლობაც კი უნდა გადავუხადოთ", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2012 წლისთვის საქართველო უცხოეთის სხვადასხვა ბაზარზე 20 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტს განახორციელებს.
"საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაიზარდოს. წელს ღვინის ექსპორტი ალბათ 18 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს და 2012 წლისთვის, ვფიქრობ, 20 მილიონ ბოთლზე მეტი იქნება", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.

























