საქართველოს მთავრობამ მსხვილი კომპანიების მინორიტარული პაკეტები შესაძლოა საერთაშორისო ბირჟებზე განათავსოს

საქართველოს მთავრობამ მომდევნო წლებში სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მსხვილი კომპანიების მინორიტარული პაკეტები შესაძლოა საერთაშორისო ბირჟებზე განათავსოს. მათ შორის, საუბარია ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ელექტროსისტემისა და საქართველოს რკინიგზის აქციების შესახებ.
როგორც დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი, მინორიტარული პაკეტები, დაახლოებით 25%, მომავალი წლების განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე განთავსდეს.
"ლაპარაკია ვარშავის, ლონდონის ან სხვა საერთაშორისო ბირჟებზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა არც ახლა და არც მომავალში არ აპირებს საკონტროლო პაკეტის გასხვისებას", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსება კარგი შესაძლებლობაა საქართველოში დიდი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისათვის.

























