კიკვიძის პარკში დღეს პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის" საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.
პარტიისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით მოხდა, პარტიის საერთაშორისო მდივნის დაკავება.
"ჩვენ გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ თეიმურაზ მურვანიძე არ ეწევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მივმართავთ სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტერებულ დიპლომატიურ კორპუსს, რეაგირება მოახდინონ პოლიციის მხრიდან ჩადენილ უკანონობაზე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ასევე, კიკვიძის ბაღში დღეს პოლიციის თანამშრომლებმა "ქართული ოცნების" ეკოლოგიური ქვეჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, დაკავებულები არიან მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები - მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი.
პოლიტიკური, საზოგადოებრივი, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვასა და პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ.