ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ თავდაცვის სამინისტროს დავა მოუგო

ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ თავდაცვის სამინისტროს დავა მოუგო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რომელიც ლ.ჩ-ს კონტრაქტის დარღვევისთვის ედავებოდა და მისგან 45 600 ლარის გადახდას მოითხოვდა, არ დააკმაყოფილა.
კალმახელიძის უწყების ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლ.ჩ.-მ, 2008 წელს, აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჭრილობები მიიღო და შეიარაღებული ძალებში სამსახური ვეღარ განაგრძო. სამხედრო ნაწილში გამოუცხადებლობის გამო კი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
"თავდაცვის სამინისტრომ ლ.ჩ.-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ სასამართლოში თავისი ინტერესების დასაცავად იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს მიმართა. ბიუროს კონსულტანტმა დიმიტრი სამხარაძემ საქმის მასალები შეისწავლა და შეადგინა შესაგებელი, რომელშიც ლ.ჩ.-ს სასარგებლოდ მოყვანილ არგუმენტებს შორის მითითებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობები. გარდა ამისა, შესაგებელი ყურადღებას ამახვილებდა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტრაქტის დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, ავადმყოფობის გამო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებული იყო ამის შესახებ სამხედრო მოსამსახურისთვის წერილობით წინასწარ ეცნობებინა, რაც არ მომხდარა. საბოლოოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, უარი თქვა თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ლ.ჩ. 45 600 ათასი ლარის გადახდისგან გაათავისუფლა", - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციაში.

























