"ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი" გაზეთის "თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი" გამოცემას იწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი" ყოველკვირეული გაზეთის "თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი" გამოცემას იწყებს. პროექტის შესახებ დღეს "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ხელმძღვანელმა, ნესტან კირთაძემ და პროექტის პარტნიორმა, გაზეთ "სვაბოდნაია გრუზიას" მთავარმა რედაქტორმა ტატო ლასხიშვილმა ისაუბრეს.
კირთაძის განცხადებით, აღნიშნული გაზეთი ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან ერთობლივად გამოიცემა და იქნება ერთობლივი საინფორმაციო სივრცე, სადაც განხორციელდება პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი სამშვიდობო გზავნილებზე.
ტატო ლასხიშვილის თქმით კი, ახალი გაზეთი, რომელიც თავდაპირველად რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე გამოვა, იქნება ჩანართი "სვაბოდნაია გრუზიაში" და დაიბეჭდება თბილისში.
"მიმდინარეობს აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შესარჩევად მოლაპარაკებები. ისინი ინტერნეტის საშუალებით გამოგვიგზავნიან მასალებს. ასევე, ჩვენც მივაწოდებთ უკვე მომზადებულ მასალებს, ცხინვალსა და სოხუმში თარგმნიან და დაგვიბრუნებენ. მეორე ეტაპზე გაზეთის ბაზაზე შეიქმნება ერთობლივი ინტერნეტრადიო და ინტერნეტ სატელევიზიო პორტალი. ამ ეტაპზე მუშაობას დაემატება ქართული და ინგლისური ენები. შემდეგ კი დაფუძნდება ერთობლივი მედიაჰოლდინგი", - განაცხადა ტატო ლასხიშვილმა.
ნესტან კირთაძის განცხადებით, გაზეთი "თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი" ასევე გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ის უფასო იქნება.
"გაზეთის მზადების პარალელურად, ასევე მიმდინარეობს მზადება ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტები შეხვედრისთვის. ჩვენ მოვძებნით იმ თემებს, რომლებიც დაგვაახლოებს ერთმანეთთან", - განაცხადა კირთაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა მიაწვდის საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციას. ნესტან კირთაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროექტის პრეზენტაცია ახლო მომავალში ბრიუსელსა და ბერლინში გაიმართება.

























