"საქართველოს ბანკმა", პირველად საქართველოში, iPhone და da iPod touch-ებისთვის მობილბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა შექმნა.
პროგრამის პრეზენტაცია დღეს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა, სათავო ოფისში გამართა.
მობილბანკის დახმარებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა საბანკო მომსახურება მიიღოს იქ, სადაც მას დასჭირდება და განახორციელოს ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია, რასაც ინტერნეტბანკის საშუალებით აკეთებს.
საქართველოს ბანკი მობილბანკის მომსახურებას 2008 წლის მაისიდან ახორციელებს, თუმცა აღნიშნული პაკეტი დღემდე PDA ბანკს, WAP ბანკს, Java ბანკსა და SMS ბანკს მოიცავდა, რაც უზრუნველყოფდა მომსახურების მიღებას ნებისმიერი თაობისა და მოდელის მობილურით. დღეიდან კი, მობილბანკის პლატფორმების ჩამონათვალს "საქართველოს ბანკის" უახლესი თაობის პროგრამა iPhone და iPod touch–ებისთვის შეემატა.
როგორც ირაკლი გილაურმა განაცხადა, "საქართველოს ბანკის" მიერ შემუშავებული მობილბანკი iPhone-სთვის არის ე.წ. native application, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამა მთლიანად ტელეფონის მეხსიერებაში ინახება და ინტერნეტს მხოლოდ მცირე რაოდენობით - მონაცემების განახლებისთვის მოიხმარს.
მისივე თქმით, ეს არის სრულფასოვანი პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს iPhone-ის პლატფორმის ყველა მოთხოვნას, ხოლო მისი ჩამოტვირთვა და განახლება მარტივად ხდება Apple-ის ოფიციალური პორტალიდან AppStore.
ბანკის გენერალური დირექტორის განმარტებით, მობილბანკის ახალი პროგრამით სარგებლობა ძალიან მარტივია - ავტორიზაციისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს იგივე პაროლი და სახელი, რასაც ინტერნეტბანკში იყენებს, მობილბანკით შესაძლებელია, მომხმარებელმა მართოს საკუთარი ანგარიშები და საკრედიტო ბარათები, აწარმოოს გადარიცხვები, გააგზავნოს გზავნილი "ელვა", გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, მიიღოს ამონაწერი საკუთარ ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ, იპოვოს "საქართველოს ბანკის" უახლოესი ბანკომატი ან სერვისცენტრი, მარტივად დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს საკუთარი პლასტიკური ბარათი, შეცვალოს პაროლი, მომხმარებლის სახელი, ნახოს American Express–ის ბონუსპროგრამის ფარგლებში დაგროვილი MR ქულების ან CashBack–ის მოცულობა და სხვა.
"მობილბანკის მთავარ მენიუში მომხმარებელს ასევე დახვდება ვალუტის კურსი და ვალუტის კალკულატორი, რომლის მეშვეობითაც ოპერატიულად შეძლებს გამოთვალოს სასურველი თანხის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში. მობილბანკით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შექმნას შაბლონები მის მიერ ყველაზე ხშირად მოხმარებად საბანკო ოპერაციებზე, რაც ზოგავს საბანკო ოპერაციის შესასრულებლად საჭირო დროს და ამარტივებს მათ განხორციელებას", - აღნიშნა გილაურმა.
"საქართველოს ბანკი" პირველი ქართული ბანკია, რომელმაც 2012 წელს საკუთარი პროგრამა (QR კოდის წამკითხველი) AppStore–ში განათავსა. მობილბანკის პროგრამის განთავსება AppStore–ში დღეს მოხდება, ხოლო გადმოწერისათვის ხელმისაწვდომი 2012 წლის მაისის ბოლომდე გახდება. მობილბანკით სარგებლობა, უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება iPad–ში, Android–სა და BlackBerry–ის მობილურ ტელეფონებში.