ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიგი უგულავას ოჯახი უძრავ ქონებას არ ფლობს

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას ოჯახი უძრავ ქონებას არ ფლობს. თბილისის მერის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

მერის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში, ნახევარზე მეტი გრაფა ცარიელია – მერს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ არც უძრავი ქონება, არც მოძრავი ქონება, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება და არც ფასიანი ქაღალდები.

ასევე, მერი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში და შესაბამისად, დეკლარაციის მიხედვით, მერის ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი და მისი მეუღლის შრომის ანაზღაურებაა.

შრომის ანაზღაურების სახით გასულ წელს მერმა 95 400 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ ლელა კილაძემ კი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად და ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლად მუშაობს, ხელფასის სახით გასულ წელს, 41 770 ლარი აიღო.

მერის ოჯახმა გასულ წელს, შვილების სწავლის საფასურის სახით, 5555 ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ანგარიშებს, დეკლრაციაში მითითებულია, რომ მისი შევსების მომენტისთვის, გიგი უგულავას "თი-ბი-სი" ბანკში 185 ლარი ჰქონდა, "საქართველოს ბანკში" კი 8000 ლარი. მერის მეუღლეს კი "საქართველოს ბანკში", 12 000 ლარი ჰქონდა, ნაღდი ფულის სახით კი 6000 ლარი.

ამასთან, გასულ წელს დედაქალაქის მერის მეუღლეს მითითებული აქვს, რომ გააფორმა ხელშეკრულება წყნეთის გზატკეცილზე, #16-18-ში მდებარე 37 კვ/მ ფართობის და 40 000 ლარის ღირებულების ბინის ჩუქებაზე. თუმცა, მითითებული არ არის, ეს ბინა მან გააჩუქა თუ საჩუქრად მიიღო.

ამასთან, მერის ოჯახის საკუთრებაში უძრავი ქონება არ არის მითითებული და საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული გრაფაც ცარიელია, ამიტომ ბინა კილაძემ, სავარაუდოდ, გააჩუქა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს