ეროვნულ არქივში სოფიკო ჭიაურელის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში, ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა მიმდინარეობს. ცნობილ მსახიობს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა და ექსპოზიცია სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.
სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. არქივი ინახავს, ასევე, მსახიობის პორტრეტებს, თეატრალურ როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები შემდეგი ფილმებიდან: "ჩვენი ეზო", "ვერის უბნის მელოდიები", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "ამბავი ერთი ქალიშვილისა", "ხევსურული ბალადა", "ფერისცვალება", "წუთისოფელი", "დათა თუთაშხია", "აურზაური სალხინეთში", "ენგურის ნაპირებზე", "ნატვრის ხე", "ვიღაცას ავტობუსზე აგვინდება", "გენერალი და ზიზილები" და სხვ. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: "ბერიკონი" "ტალანტები და თაყვანისმცემლები", "მილიარდერის ვიზიტი", "ეზოში ავი ძაღლია", "ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი" და სხვ.
გამოფენა 25 მაისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

























