ილიაუნის თეატრი "წითელქუდას" უმასპინძლებს

ილიაუნის თეატრი ხვალ სპექტაკლ "წითელქუდას" უმასპინძლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიაუნიდან აცნობეს, სპექტაკლი დადგმულია არასამათვრობო ორგანიზაციების "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოება" და კავშირი "სტუდია ეი–დი–სი"–ის დღის ცენტრების ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ.
სპექტაკლში ორგანიზაციების ბენეფიციარი ბავშვებისა და მოზარდების გარდა მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტები, ასევე ორგანიზაცია "Helping Hands"-ის აქტივისტები.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში ამ ადამიანთა მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
ორგანიზატორები არიან კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", რომელიც 1995 წელს დაფუძნდა.
იგი არის პირველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, მშობლების გაერთიანება საქრთველოში. ორგანიზაციის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის თანაბარი პირობების შექმნა, მათი დამოუკიდებელობის ხარისხის გაზრდა და საზოგადოებაში ჩართულობის უზრუნველყოფა.

























