კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, გელათის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები დადებითად არის შეფასებული

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკო-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარის , სალომე ზურაბიშვილის მიერ ბაგრატისა და გელათის ტაძრებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც მირზიკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბაგრატის ტაძრის იუნესკო-ს "მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების" სიიდან "საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში გადატანა, გარკვეულწილად, მასზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებით იყო განპირობებული.
"ბაგრატის ძეგლი ნამდვილად გადაიყვანეს მსოფლიო მემკვიდრეობის იმ ძეგლთა სიაში, რომელიც საფრთხეშია. 2009 წელს ამ ნუსხაში მცხეთაც შეიტანეს. ეს გარკვეული ქვეყნის მიერ კონკრეტული ქმედებების განხორციელების გამო ხდება ხოლმე, ყოველ შემთხვევაში, ზურაბიშვილის განცხადებაში არანაირი უზუსტობა არ არის. ამაში გარკვეული როლი ჰქონდა იმ სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა", - განაცხადა რუსუდან მირზიკაშვილმა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ბაგრატის ტაძრის გელათისგან გათიშვა და "საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის" სიიდან მისი საერთოდ ამოღება იგეგმება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, საკითხი ამ ფორმულირებით არ დგას, თუმცა საზღვრების მოდიფიკაციაზე, კონკრეტულად კი, შემცირებაზე საუბარი მართლაც მიმდინარეობს.
"ამოღებული იქნება თუ არა ბაგრატის ტაძარი იუნესკო-ს სიიდან, მიჭირს პასუხის გაცემა. გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, არის საუბარი, რომ მოხდეს საზღვრების მოდიფიკაცია, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ, იუნესკო-ს კომიტეტის სხდომაზე იქნება მიღებული. თეორიულად ყოველთვის არსებობს რაღაცის შანსი, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი ისე არ დამდგარა, რომ ნუსხიდან ძეგლის ამოღება მოხდეს", - განმარტა მირზიკაშვილმა.
მისივე თქმით, გელათის ტაძარს ამ კუთხით არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან იქ მიმდინარე სამუშაოები იუნესკო-ს მხრიდან დადებითადაა შეფასებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრმა და პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა ბაგრატისა და გელათის ტაძრებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებები გუშინ გაავრცელა.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, რეალური საფრთხის გასაგებად საზოგადოებამ რამდენიმე ფაქტი უნდა იცოდეს, კერძოდ ის, რომ იუნესკო-ში არსებობს ორის ნუსხა - ერთი "მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების", რომელშიც 1994 წლიდან შეყვანილია ბაგრატი, გელათთან ერთად, როგორც ერთი და განუყოფელი კომპლექსი და მეორე ნუსხა - "საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობა". მეორე სიაში გადაჰყავთ ის ძეგლები, რომლებსაც პირველი სიიდან ან ბუნებრივი კატასტროფის ან სხვა გარემოებების და უფრო ხშირად არასწორი კონსერვაციის ზომების გამო აუთენტურობა და ღირებულება ეკარგებათ. "სწორედ ამ მეორე სიაში გადაყვანილ იქნა ბაგრატი და გელათი 2010 წელს დაწყებული და შეუთანხმებელი სამუშაოების შედეგად", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
მისივე განმარტებით, მეორე სიიდან ძეგლის ამოწერა ხდება მხოლოდ ორი გზით: მას შემდეგ, რაც იუნესკოს რეკომენდაციები შესრულებული იქნება და რეკონსტრუქციის არასწორი შედეგები მოკლე ვადაში გამოსწორებული, ძეგლი უბრუნდება მთავარ სიას ან თუ იუნესკომ ჩათვალა, რომ შეუქცევად პროცესებს ჰქონდა ადგილი და ძეგლის მსოფლიო ღირებულების გადარჩენას ვეღარ შეძლებს, საერთოდ და სამუდამოდ ამოიღებს სიიდან. ზურაბიშვილის ვარაუდით, სწორედ ეს მეორე გზა ემუქრება ბაგრატის ტაძარს.
"ჩვენ ის უნდა გვადარდებდეს, რომ ბაგრატის ბედი გადაწყვეტილია, თუნდაც ამის ფორმალიზაცია გადავადებულია. ეს გადავადება არ გეგონოთ ხელისუფლების დიპლომატიურ წარმატებას ან მის რიგით "გამარჯვებას" მიეწერებოდეს, თუმცა ამის ასე წარმოდგენის მცდელობა უთუოდ იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იუნესკოს და საერთაშორისო ინსტანციების კეთილი ნების გამოხატვა, რათა ჩვენი უგუნურების მიუხედავად გელათი არ ჩაჰყვეს ბაგრატის ბედს დავიწყებაში", - აცხადებს ყოფილი დიპლომატი.
ზურაბიშვილის განცხადებით, იუნესკო საქართველოსგან მოითხოვს, 2013 წლის თებერვლამდე შეიმუშაოს გეგმა, თუ როგორ გაიმიჯნოს გელათი ბაგრატისაგან, რათა შეძლონ გელათის სიაში დატოვება, თუნდაც ბაგრატის გარიცხვის შემდეგ. მისივე თქმით, იუნესკოს გადაწყვეტილებაში არ ფიგურირებს ახალი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება განაპირობებდა ბაგრატის საკითხის გადახედვას. ამდენად, ზურაბიშვილის აზრით, კამათი და ვითომც კომპრომისები ლიფტის მოხსნაზე და შუშის ფლიგელის შეცვლაზე, შიდა მოხმარებისათვისაა განკუთვნილი და არა იუნესკოს შეხედულებების გასათვალისწინებლად.
საქართველოს საგარეო უწყების ექსმინისტრი, ბაგრატისა და გელათის პარალელურად, არანაკლებ საგანგაშოდ მიიჩნევს მცხეთის საკითხს. როგორც ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მცხეთაც მიღებული იქნა მსოფლიო მემკვიდრობის ნუსხაში 1994 წელს და 2009 წელს გადატანილი ასევე საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების ნუსხაში. იუნესკოს დოკუმენტების მიხედვით კი საფთხეს წარმოადგენს არასწორი მართვის მექანიზმი, შემოგარენი მიწების პრივატიზაცია და აუტენტურობის დაკარგვა არასწორი რესტავრაციის სამუშაოების შედეგად.
"იუნესკო გამოთქვამს შეშფოთებას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო და ითხოვს მათ შეჩერებას და ახალი გეგმის წარდგენას, რომელიც გაითვალისწინებს რომ მცხეთა და ჯვარი კომპლექსურად იყოს განხილული მათი მეტად მგძნობიარე გარემოთი და გეგმა შესათანხმებლად წარდგენილ იყოს", - აღნიშნავს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ქვეყანას, რომელიც აღარ სარგებლობს იუნესკოს და საერთაშორისო მეგობრობის ნდობით კულტურის დაცვის სფეროში, არანაირი იმედი და პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს, რომ იუნესკოს ჩარევით და დახმარებით, მომავალში აფხაზეთის და ტაო-კლარჯეთის ეკლესიების ან ჯვრის მონასტრის და სხვა სიწმინდეების გადარჩენა მოხერხდება.
ზურაბიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან უკვე სცილდება არაკომპეტენტურობას და უგუნურებას და მიზანმიმართული განადგურების გეგმას ემსგავსება. ზურაბიშვილის რეკომენდაციაა, საქართველოს ახალმა პარლამენტმა სასწრაფოდ შეიმუშავოს იუნესკოს თხოვნის თანახმად და ნებისმიერი ცივილიზებული ერის მსგავსად, ეროვნული კანონი ქართული და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისათვის. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ახალი ხელისუფლების პირობებში, ეროვნული კომისია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება წარმოდგენილი და ასევე უნდა შეიქმნას, რაც შეიძლება სწრაფად, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და მათი მომავალი თაობების საგანძურის დაცვას თავის მიზნად მიიჩნევს და ბოლომდე დაიცავს.
"სანამ საქართველოში ასეთი ორგანიზაცია შეიქმნება და ვინმე ჩვენი ერის ინტერესების დაცვას იკისრებს, ჩემი თავი ჩავთვალე ვალდებულად, რომ იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილისთვის გამეზიარებინა ეს მოსაზრებები და ქათველი ხალხის ღრმა წუხილი, რათა არავინ ჩათვალოს, რომ საქართვლოში ბარბაროსების გარდა არავინ დარჩა", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

























