ნიკოლოზ რურუა - იუნესკოს სიიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების საკითხი მოხსნილია

ნიკოლოზ რურუა - იუნესკოს სიიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების საკითხი მოხსნილია

იუნესკოს სიიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების საკითხი მოხსნილია, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი მედიას სთხოვს, საკითხის ამოღებასა და გადადებას შორის განსხვავება შენიშნონ. "იუნესკო, ბუნებრივია, დაინტერესებულია როგორც ბაგრატით, ასევე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერი ნიმუშით და გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას თავისი რჩევებით, როგორც ბაგრატის, ისე დანარჩენი ძეგლების მოვლა-პატრონობაში. რაც შეეხება ბაგრატს, ეს არის ბრწყინვალე რეკონსტრუქციის პროექტი და როდესაც რეაბილიტაცია დამთავრდება, მისით საქართველოს ყველა გულშემატკივარი იამაყებს. ტაძრის იუნესკოს სიიდან ამოღებაზე საუბარი აღარ არის და შეგიძლიათ, ამაზე აღარ ინერვიულოთ", - აღნიშნა ნიკოლოზ რურუამ.

სანკტ-პეტერბურგში გამართულ იუნესკოს კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით შეჯერებული ანგარიში გერმანიის მხარემ წარადგინა. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ბაგრატის ტაძრის საკითხის განხილვა კომიტეტის მომავალი სხდომისთვის _ 2013 წლისთვის გადაიდოს.

ამასთან, საქართველოში სექტემბერში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ და ბაგრატში, გელათსა და მცხეთაში განხორციელებულ სამუშაოებს შეაფასებენ. ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს იუნესკოს ძეგლების ნუსხაში საზღვრების შემცირება არ ემუქრება, ანუ, ბაგრატის ტაძარი საზღვრების შემცირების ხარჯზე ნუსხიდან არ ამოვარდება.