რაბათის ციხის ტერიტორიაზე შარლ აზნავურს ვარსკვლავი გაუხსნეს
ახალციხის რაბათის ციხის ტერიტორიაზე ცნობილი ფრანგი მომღერლის, შარლ აზნავურის კონცერტი გრანდიუზული ფოიერვერკით დასრულდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
კონცერტის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა რაბათის ციხის ტერიტორიაზე შარლ აზნავურთან ერთად გახსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი.
რაც შეეხება კონცერტს, ის დაახლოებით საათანახევრს გაგრძელდა. აზნავურმა არაერთი ცნობილი კომპოზიცია შეასრულა.
განახლებული რაბათის ციხე დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ციხე 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

























