ბათუმის იუსტიციის სახლში სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

ბათუმის იუსტიციის სახლში, დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ის ფოტოები, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული და გადასაღებ მოედანზეა აღბეჭდილი.
არქივში დაცულია მსახიობის პორტრეტები, თეატრალური როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები ფილმებიდან: "ჩვენი ეზო", "ვერის უბნის მელოდიებ" "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "ხევსურული ბალადა", "ფერისცვალება", "წუთისოფელი", "დათა თუთაშხია", "აურზაური სალხინეთში", "ენგურის ნაპირებზე", "ნატვრის ხე", "ვიღაცას ავტობუსზე აგვინდება", "გენერალი და ზიზილები".
ასევე, დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: "ბერიკონი", "ტალანტები და თაყვანისმცემლები", "მილიარდერის ვიზიტი", "ეზოში ავი ძაღლია", "ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი".
სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში შექმნილი აქვს კომიკური და ტრაგიკული როლები.
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.
ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

























