კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი პოლიციელების მხრიდან "ქართული ოცნების" ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბერუაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიმართ დევნის კიდევ ერთ ფაქტს ახმაურებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნებიდან" აცნობეს, 23 სექტემბერს ბერუაშვილი ქარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა, როდესაც მის სიახლოვეს გაჩერდა ავტომაქანა "შკოდა" სერიით HFH, საიდანაც გადმოვიდნენ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი და მისი მოადგილე. პოლიციის უფროსმა დაუძახა მას და უთხრა, რომ იარაღი ამოეღო, რასაც გიორგი ბერუაშვილმა მაისურის აწევით და იმის დაფიქსირებით უპასუხა, რომ ის იარაღს არ ატარებდა.
კოალიციის ინფორმაციით, ამის საპასუხოდ ლაშა გოგნიაშვილმა ამოიღო იარაღი თავისი შარვლის უკანა ჯიბიდან და განუცხადა: "აბა ეს იარაღი ვისია?". ამავდროულად ფანასკერტელის ქუჩის ჩიხიდან გამოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები იყვნენ და მისი დაკავება სცადეს. ბერუაშვილი გაიქცა, რადგან მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და იარაღის განზრახ ჩადებას. მან მოახერხა თავი შეეფარებინა იქვე მდებარე "ქართული ოცნების" შტაბისთვის. იმავე დღეს, ახალგაზრდებმა ამ ფაქტის გაპროტესტება ქარელის პოლიციის შენობასთან მოახდინეს.
აქციის დასრულების შემდეგ გიორგი ბერუაშვილი თანამოაზრეებთან: ბიჭიკო ოსაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, დაჩი ოსაძესთან, ანზორ გოგიჩაშვილთან და გიორგი თოთლაძესთან ერთად თბილისისკენ გამოემართა. აღაიანთან მათი ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა და მძღოლს მართვის მოწმობა მოსთხოვა. მოთხოვნა ბიჭიკო ოსაძემ შეასრულა და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განუწყვეტლივ რეკავდნენ სადღაც და არ აძლევდნენ პასუხს ახალგაზრდებს, თუ რით იყო განპირობებული მათი შეფერხება. პოლიციის საეჭვო საქციელის გამო, ისინი დაუკავშირდნენ ადვოკატს და ჟურნალისტებს. 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ, საპატრულო პოლიციას მოადგა "შკოდას" ფირმის ორი ავტომანქანა და "მერსედესის" ფირმის მიკროავტობუსი, საიდანაც სპეცრაზმელები გადმოხტნენ.
ამის შემდეგ, ბერუაშვილმა და მისმა მეგობრებმა გაქცევა სცადეს, მათ სწრაფად ავტომანქანა გააჩერეს და ბაღებისკენ გაიქცნენ. მათი მისამართით რამდენიმე გასროლა განხორციელდა. სპეცრაზმელები უყვიროდნენ და დახოცვით ემუქრებოდნენ. გიორგი ბერუაშვილი აღაიანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შეიფარა. მისი მეგობრები კი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. მოგვიანებით ახალგაზრდები შეიკრიბნენ თბილისში, სადაც აღმოაჩინეს, რომ არ ჩანდა მათი მეგობარი, ბიჭიკო ოსაძე, ცნობილი მოჭიდავე, რომლის ასავალ-დასავალიც აქამდე დაუდგენელია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალგაზრდები ანგარიშსწორებისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რის გამოც მათ სიცოცხლეს და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
გიორგი ბერუაშვილმა სათანადო რეაგირებისთვის მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს, საქართველოს შს სამინისტროს, უწყებათაშორის კომისიას და კოალიცია "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს.