საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თბილისის 1-ელი ექსპერიმენტული და #51-ე საჯარო სკოლის პედაგოგების , თანაკლასელებისა და თანასკოლელების სახელით ლალი მოროშკინა ღია წერილს უგზავნის.
"მოგეხსენებათ, რომ მე გახლავართ მიხეილ სააკაშვილის სკოლის მეგობარი, როგორც პირველ ექსპერიმენტულ, ასევე #51-ე სკოლაში, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ გავახმოვანო ღია წერილი, რომელიც ამ სკოლების პადაგოგებმა და სკოლადამთავრებულებმა მომაწოდეს.
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს: როგორ ფიქრობ, შემოდგომაზე ფოთოლმა რატომ შეიცვალა ფერი? - ფოთოლს რაღაც შეეშალა, აწყენინა დედას, მერე აკანკალდა და გაწითლდა. მიშა! ეს იყო შენი პასუხი მასწავლების კითხვაზე, არც ისე შორეულ 1977-ში...
დღეს საქართველოს შემოდგომაა და ბევრი დედაა "ნაწყენი"... მიშა! მოგმართავთ პირველი ექსპერიმენტული და #51-ე საშუალო სკოლის პედაგოგები, თანაკლასელები და თანასკოლელები: შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი პირველ ოქტომბერს მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება: გაემიჯნო ჯალათებს და კრიმინალებს, განაიარაღო ხალხის დასარბევად გამზადებული ზონდერჯგუფები, აღკვეთო ნებისმიერი პროვოკაცია კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში, ღირსეულად მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში, პირველად საქართველოს ისტორიაში მშვიდობიანად გადაულოცო საპარლამენტო უმრავლესობა იმ ძალას, რომლის უკანაც თითქმის მთელი საქართველო დგას! მიშა, გახსოვდეს, შენ ორი არჩევანი გაქვს: დარჩე საქართველოს ისტორიაში, როგორც რეფორმატორი და დემოკრატი, ან საბოლოოდ დიქტატორად ჩამოყალიბდე. გახსოვდეს, თუ შენ მიიღებ ღირსეულ გადაწყვეტილებას, თითოეული ჩვენგანის კარი შენთვის ღია იქნება, ისევე, როგორც მრავალი წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შენს სახელს საქართველო გათელავს და მალე დაივიწყებს!", - აღნიშნულია ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.