ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ კანდიდატს, მურმან დუმბაძეს მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი შინაარსობრივი თვალსაზრისით გადასახედი და შესაცვლელია .
ამ მიმართულებით ცვლილების საჭიროებას დუმბაძე რეგიონისთვის მეტი უფლებების მინიჭებასა და მის რეალურ რეგიონულ თვითმმართველობაზე გადასვლაში ხედავს.
რადიო ~პალიტრის~ ეთერში, გადაცემა ~რეზიუმეში~ დასმულ კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია აჭარისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმება, დუმბაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას და აჭარის ამ სტატუსის არსებობა ხელს არაფერს უშლის. თუმცა, დუმბაძეს მიაჩნია, რომ აჭარის სტატუსი შინაარსობრივად არ ვარგა და ცვლილება ამ მიმართულებით უნდა გახორციელდეს.
~რეგიონს მეტი ფუნქციები, მეტი კომპეტენციები უნდა მიენიჭოს. ის, რაც შეიძლება ადგილზე წყდებოდეს, არის ეს საფინანსო-საბიუჯეტო თუ საკადრო საკითხები, ადგილზე უნდა გადაწყდეს. ცენტრალური ხელისუფლება კი ვალდებულია აკეთოს ის, რაც ქვედა დონის ხელისუფლებას არ შეუძლია. ჩვენ რეალურ რეგიონულ თვითმმართველობაზე უნდა გადავიდეთ~, - აცხადებს მურმან დუმბაძე.