კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი" გასულ კვირას ტრანსპორტის პროფკავშირების განცხადებას გამოეხმაურა და გაავრცელა ინფორმაცია მიკროავტობუსების ტექნიკური მომსახურების გაიაფების შესახებ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მძღოლების ის ნაწილი, ვისთვისაც მისაღები იყო ,,ფორდის" ცენტრის ფასები და მომსახურება, დარჩებიან აღნიშნულ სერვის ცენტრში და გააგრძელებენ საგარანტიო მომსახურების ქვეშ სერვისის მიღებას. ხოლო მძღოლების იმ ნაწილს, რომლებიც გადაწყვეტენ მიკროავტობუსების საგარანტიო მომსახურებიდან მოხსნას, საშუალება ექნებათ მიკროავტობუსების მიმდინარე სერვისი და შეკეთება აწარმოონ შპს ,,თბილისის მიკროავტობუსის" მიერ მითითებულ სხვა, გაცილებით უფრო დაბალფასიან სერვის ცენტრში.
მოლაპარაკებების შედეგად ფასებთან დაკავშირებით მოხდა საბოლოო შეთანხმება და აღნიშნულის შესახებ მძღოლებისთვის გახდა ცნობილი.
ამჟამად მიმდინარეობს შპს ,,თბილისის მიკროავტობუსის" მიერ მომწოდებელთან კონტრაქტის დეტალების შეთანხმება და უახლოეს დღეებში მძღოლების იმ ნაწილს, ვინც მოისურვებს მიკროავტობუსების გარანტიიდან მოხსნას, შეეძლება გაიაფებულ სერვის ცენტრში მომსახურების მიღება.