პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში სამი პირი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ნანა ყეინიშვილის ოჯახის წევრია. პოლიტდევნილთა სიაში შეყვანილი ძმები ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები ყეინიშვილის მაზლები არიან. პოლიტპატიმრის სტატუსი კი მის ძმას, ზაზა ყეინიშვილს მიენიჭა.
დეპუტატი ირწმუნება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისმა ოჯახმა დევნა და წამება განიცადა. მისივე თქმით, "სულერთი უნდა იყოს, ყველა ადამიანისთვის, ვისი ოჯახის წევრია, მთავარია, რომ ისინი ამ სიაში შესვლას იმსახურებდნენ".
"დიახ, ჩემმა ოჯახმა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ განიცადა დევნა და წამება, მაგრამ არ მინდა, ეს ერთი ოჯახის საქმედ გადავაქციო - ეს სრულიად საქართველოს მოუშუშებელი ჭრილობაა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დიდი სათხოვარი მექნება, სწორედ მიუდგეთ თემას და არ აქციოთ განზოგადებულად გარკვეულ დეპუტატებზე, მის ოჯახზე. გლობალურად შეხედეთ. არა მგონია, საქართველოში დარჩენილიყო ოჯახი, ვისი მეგობარიც, ნათესავიც, მეზობელიც არ მოხვდა ციხეში. სანამ ის მიდგომა არ დამთავრდება, რომ ვიღაცის ოჯახის წევრი იყო და სიაში იმიტომ მოხვდა, ჩვენ არაფერი გვეშველება და არ განვიკურნებით. ქარქუსოვებზე ვიტყვი, რომ სასაცილოა, როდესაც ადამიანს ბრალდებას უყენებ, რომ ჯილდოდ ნაჩუქარი პისტოლეტი თითქოს მან და მისმა ძმამ თივის ზვინში დამალეს და ამისთვის წითელი ცირკულარით ძებნას აცხადებ. ჩემს ძმას იარაღი და ნარკოტიკი დაუდეს და ეუბნებოდნენ, რომ თქვი, შენი სიძე ჯაშუშიაო. ეს ასე იყო რეალურად. ჩემი ძმა ორწელიწადნახევარი ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, ისე ცემეს და აწამეს, რომ სამი თვე ეტლში იჯდა. გთხოვთ, ამ საკითხს დემოკრატიულად მიუდექით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნანა ყეინიშვილმა.
2005 წლის ნოემბერში საქართველოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სპეცსამსახურები დაეხმარნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან ჯემალ ქარქუსოვს ცხინვალის ციხიდან გაქცევაში და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავშესაფრის პოვნაში. ქარქუსოვი თავის ძმასთან, იანიკ ქარქუსოვთან ერთად გაიქცა.
ამასთან, ჯემალ ქარქუსოვი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შს მინისტრად, იანიკ ქარქუსოვი კი ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მრჩევლად დაინიშნა.
2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები რუსეთში გაიქცნენ და საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა სახის ბრალდებები წაუყენეს. მათ შორის, ქარქუსოვები ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდნენ.
კიდევ ერთი ძმა, ურუზმაგ ქარქუსოვი, რომელიც ნანა ყეინიშვილის მეუღლეა, დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო.
ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. ურუზმაგ ქარქუსოვი მაშინ აცხადებდა, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა.