მსოფლიო პატრიარქი საქართველოშია

მსოფლიო პატრიარქი, უნეტარესი ბართლომე საქართველოშია. თბილისის აეროპორტში საპატიო სტუმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დახვდნენ. აეროპორტში დახვედრის შემდეგ ჟურნალისტებისათვის განცხადებები გაკეთდა. მსოფლიო პატრიარქმა უწმინდესს საიუბილეო თარიღები მიულოცა და აღნიშნა, რომ გარდამავალ და რთულ პერიოდში ილია მეორე ახალი ეპოქის ფუძემდებელი გახდა. ბართლომე პირველმა დალოცა სრულიად საქართველო და ხალხს უსურვა უმტკივნეულოდ გადაიტანოს კრიზისები და დაძლიოს ყოველგვარი დაბრკოლებები.

თავის მხრივ, ჩამოსულ სტუმრებს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სახელით გულითადად მიესალმება საქართველოში ჩამოსულ მსოფლიო პატრიარქს და მადლობა გადაუხადა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით სტუმრობისთვის.

"მოგეხსენებათ, რომ 35 წელი პატრიარქისთვის იყო მეტად რთული და იყო ძნელად გადასაწყვეტი მრავალი პრობლემა. 35 წლის განმავლობაში მე მუდამ ვგრძნობდი თანადგომას და მხარდაჭერას მსფლიოს პატრიარქისა. დღეს, როცა განვლო ამ წლებმა, იმედით ვუყურებთ მომავალს. ვფიქრობთ, რომ თქვენი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის განვითარებას. დიდია თქვენი დამსახურება არა მარტო კონსტანტინეპოლის, არამედ მსოფლიოს წინაშე. დიდი იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს", - აღნიშნა უწმინდესმა მისასალმებელ სიტყვაში.

უწმინდესის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დღეს საღამოსვე საპატრიარქოში ყველა ჩამოსული სტუმრისთვის კიდევ ერთხელ მიღება გაიმართება. ასევე, სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.

პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოში უკვე იმყოფება რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი და მღვდელმთავარი, კერძოდ, სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი.

ხვალ დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები. კერძოდ, საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნება. დღის ბოლოს ფილარმონიაში კი კონცერტია დაგეგმილი. 12 იანვარს მსოფლიო ეკლესიის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში დავით უსუფაშვილი მიიღებს. ასევე მათ კანცელარიაში ბიძინა ივანიშვილი შეხვდება. დაგეგმილია აგრეთვე წმინდა ადგილების მოლოცვა. 13 იანვარს კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი უმაღლესი რანგის სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. სტუმრები საქართველოს 14 იანვარს დატოვებენ.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიო პატრიარქი საქართველოშია

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება