"სტალინის იუბილე: ქართველი მხარდამჭერები პოზიციებს არ თმობენ", - ასეთი სათაურით აქვეყნებს BBC დემიენ მაკგინესის სტატიას, რომელიც სტალინის გარდაცვალებიდან 60 წლისთავს ეძღვნება. როგორც სტატიის ავტორი წერს, იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა ლიდერისადმი დამოკიდებულება მის მშობლიურ საქართველოში, საზოგადოებას შუაზე ხლეჩს.
"ქართველი პენსიონერის უშანგი დავითაშვილის ბაღში სტუმრობისას შემზარავის შეგრძნება გეუფლება - ბუჩქებს უკან იოსებ სტალინის ნატურალური ზომის ქანდაკება დგას. აგურის კედლებზე კი ყოფილი დიქტატორის ასობით ფოტოა ჩამწკრივებული. ზოგიერთ ფოტოზე სტალინი ვარდისფერლოყებიან, კეთილ ბაბუას ჰგავს. ზოგიერთში კი – სამხედრო მედლებით დამშვენებულ შეუბრალებელ გმირს. ეს წმინდა ადგილია ადამიანისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლეთია მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი. "მე მიყვარს სტალინი", - ამბობს ბატონი დავითაშვილი და თან უზარმაზარ ქანდაკებას წმენდს. ის უარყოფს პროპაგანდის მტკიცებას, რომ 1930-იან წლებში ათასობით ადამიანი სტალინის ბრძანების შედეგად დაიღუპა", - აღნიშნულია სტატიაში და აქვე ავტორს მოჰყავს უშანგი დავითაშვილის ციტატა: "სტალინმა არ იცოდა არც ერთი მათგანის სიკვდილის შესახებ".
როგორც დემიენ მაკგინესი წერს, გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დავითაშვილის მიერ სტალინის გაღმერთება ანაქრონიზმი იყო. სტატიის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მხურვალე პროდასავლური ხელისუფლება, ამერიკაში განათლებამიღებული პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობდა.
"ჩამოაგდეს სტალინის ძეგლი. აიკრძალა საბჭოთა სიმბოლოები, როგორიც ნამგალი და ურო, ანა წითელი ვარსკვლავი გახლდათ. ეროვნული პარლამენტი სტალინის ეპოქის ქვის კოშკიდან, რომელსაც ბედნიერი სოციალისტი მშრომელების საბჭოთა ფრესკები ამშვენებდა, თანამედროვე შუშის გუმბათით შეიცვალა", - წერს ჟურნალისტი.
თუმცა, დემიენ მაკგინესი აღნიშნავს, რომ დღეს ყველა ეს ცვლილება შესაძლოა, მხოლოდ კოსმეტიკურად ჩაითვალოს.
"ოქტომბერში პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა მილიარდერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა ქონება 1990-იან წლებში მოსკოვში დააგროვა. ახალმა ხელისუფლებამ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობებისა და ვაჭრობის აღდგენა დაისახა", - აღნიშნულია სტატიაში
ჟურნალისტი წერს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
"მაგრამ ის კატეგორიულად უარყოფს ამას. ბევრი ქართველისთვის, ნაკლებად ანტაგონისტური მიდგომა ქვეყნის ყველაზე დიდ და გავლენიან მეზობელთან, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გამართლებულია. თუმცა კრიტიკოსები, ვინც ახალ მთავრობას პრორუსულობაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახდა სტალინით აღფრთოვანების საჯარო გამოხატვა", - წერს ჟურნალისტი.
სტატიის თანახმად, ერთ-ერთი სოფლის მთავარ მოედანზე სტალინის ძეგლი აღადგინეს. საქართველოს ერთ-ერთ რაიონში კი, 24 წლის რეზი მერებაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც რაიონის საბჭომ ერთ-ერთი ქუჩისთვის სტალინის სახელის დარქმევა გადაწყვიტა, მისი კოლეგები კი, სამუშაო საათებში დიქტატორის სადიდებელ სადღეგრძელოებს სვამდნენ.
"მე არ შემეძლო მემუშავა ადამიანების გვერდით, რომლებიც სტალინის ძეგლის აღდგენას განიხილავენ ან ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევა უნდათ. რომელი საუკუნეა? როგორ შეიძლება ეს ახლა ხდებოდეს?" – მოჰყავს სტატიის ავტორს მერებაშვილის ციტატა.
როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი წერს, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა, ქართველთა თითქმის ნახევარს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სტალინის მიმართ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია ქართველ პენსიონერთა შორის და 75%-ს შეადგენს.
"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, ან რისკი ავტორიტარიზმში დაბრუნების. საქართველო ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. კვლევები კი აჩვენებს, რომ ქართველთა დიდ უმრავლესობას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. თუმცა, სტალინი საქართველოს ყველაზე ცნობილი შვილია", - აღნიშნავს ჟურნალისტი,
როგორც სტატიის ავტორი წერს, სტალინის კულტისადმი პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდა უცნობმა აქტივისტებმა წამოიწყეს კამპანია და ახლად აღდგენილი სტალინის ძეგლები ვარდისფრად შეღებეს.
"თავად სტალინი, შესაძლოა, დიდი ხანია აღარ არსებობს. თუმცა, მის აჩრდილს კვლავ შესწევს ქართველი საზოგადოების გახლეჩვის ძალა", - ნათქვამია დემიენ მაკგინესის სტატიაში.