ბათუმობას ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გახსნის

ბათუმობას ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გახსნის

ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013 ბათუმობას გახსნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, წელს ქალაქ ბათუმს 135 წელი უსრულდება. ქალაქში ღონისძიებების სერია კი სწორედ ფესტივალით იწყება.

ბათუმის საკრებულოს მხარდაჭერით, ფესტივალის ორგანიზატორებმა მელომანებს სპეციალური სიურპრიზი მოუმზადეს და ფესტივალზე დასასწრები ბილეთი 1 აგვისტოდან აღარ გაძვირდება.

ქართველ მსმენელს საშუალება ექნება 3-დღიან ფესტივალს კვლავ საწყის ფასად დაესწროს. სამდღიანი აბონემენტი 70 ლარი, ხოლო ფესტივალზე ერთდღიანი დასწრება 35 ლარი ეღირება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის აეროპორტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურებში. აღებულ ბილეთს მყიდველი სამაჯურში ფესტივალის დღეს ტერიტორიაზე შესვლამდე გადაცვლის.

შეგახსენებთ, 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის "Miracle Park"–ში (საოცრებათა პარკი) ზაფხულის საზღვაო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალიBATUMI SUMMER SET FEST2013 მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

BATUMI SUMMER SET FEST უკვე მეორედ იმართება და წელს უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს ბათუმი საერთაშორისო მუსიკალურ ეპიცენტრად იქცეს.

ფესტივალის პირველ დღეს, 22 აგვისტოს დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტი LAID BACK, მექსიკელი დიჯეი BETOKO და გერმანელი DJ/producer PHON-O წარსდგებიან მსმენელის წინაშე.

23 აგვისტოს SLEEP PARTY PEOPLE , 23 წლის მულტი-ინსტრუმენტალისტი სან ფრანცისკოელი GIRAFFAGE, MAX COOPER და გერმანელი დიჯეი DOMINIK EULBERG დაუკრავენ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის.

24 აგვისტოს მუსიკალურ ფესტივალს FAITHLESS და RONE დახურავენ.

ასევე, ფესტივალზე ქართველი დიჯეები და პროდიუსერებიც წარსდგებიან, მათ შორის, მოხდება მაია დარსმელიძის ახალი ელექტრონული პროექტის "Mao&The; Mins" პრეზენტაცია.