შემოსავლების სამსახურმა ნარკოტიკების შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, "გარდაბანი და მტკვარი"-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დღეს საქართველოში აზერბაიჯანიდან ბაქო-თბილისის მატარებლით აზერბაიჯანის მოქალაქე საბუჰი ა. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბაჟო კონტროლის დროს, მგზავრს ნარკოტიკული საშუალება: კონტრამალი 150 მგ- 11 აბი აღმოუჩინეს. გამოძიებას შსს-ს გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
5 სექტემბერს კი, "ვალე"-ს საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთიდან ირანის მოქალაქე ამირ ე. შემოვიდა, რომელსაც ხელბარგის საბაჟო დათვალიერებისას ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები: დიფენოქსილატი - 18 აბი; კლონაზეპამი (1 მგ.) – 10 აბი აღმოაჩნდა. საქმის მასალები შესასწავლად საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.