ზურაბ ხიზანიშვილი ფეხბურთის ფედერაციას სთხოვს, თემურ ქეცბაია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ამის შესახებ "კვირის პალისტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ხიზანიშვილის განცხადებით, მისი გაღიზიანება იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
"დიდი ხანია, ასე არაფერს გავუბრაზებივარ. ვცდილობ ხოლმე, ადამიანის ნებისმიერ საქციელს გამართლება მოვუძებნო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე იმდენი ტყუილი, რაც თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილაპარაკა. მერე რა, რომ მხოლოდ ამისულაშვილის გვარი ახსენა? ფაქტობრივად, ერთიანად "ჩაგვრეცხა" ყველა ფეხბურთელი. იმის თქმა, ნაკრები მეექვსე ადგილზე იყო დამარხული და მე ამოვთხარეო, არ არის ნაკრების ფეხბურთელების შეურაცხყოფა? მინდა, ფეხბურთის ფედერაცის ვთხოვო: თუ თემურ ქეცბაია თვითონ არ წავა, გაათავისუფლონ! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიასგან წამოვედი და არა ნაკრებიდან! თუ მიმიწვევენ, ისევ ვითამაშებ",-განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად იმან გააღიზიანა, რომ ქეცბაიამ ალეკო ამისულაშვილთან დაკავშირებით იცრუა.
"იცრუა, თითქოს ალეკო ამისულაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ბიზნესკლასით უნდა ფრენა, დაიღალა და ა.შ. ალეკო არ არის ისეთი კაცი, თავის მართლება დაიწყოს, მაგრამ ჩემი მეგობარია და მაქვს უფლება, მისი და სხვა ფეხბურთელების სახელითაც ვილაპარაკო", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, თემურ ქეცბაია ბუნებით ძალიან ეჭვიანი ადამიანია და სულ ეჩვენება, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის განწყობილი. ამასთან, ხიზანიშვილის თქმით, ქეცბაია არც ფეხბურთელების გინებას ერიდება.
"თემური ერთხელ მაინც თუ დაინტერესდა, რატომ არ ჩამოდის ჯანო ანანიძე? ქეცბაიას ზოგიერთი ფეხბურთელი კი უთმენს გინებას, მაგრამ ყველა ხომ არ მოუთმენს? ანდა, რა გასაკვირია, ქართველმა კაცმა დედის გინება რომ არ მოითმინოს? როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, მომავალ ჩამოსვლაზე ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო, როგორი განწყობით უნდა ითამაშოს", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, ქეცბაია იმიტომ უნდა წავიდეს, რომ ის ნაკრებს აღარ უნდა. "ფეხბურთელებს აღარ უნდათ, რომ მათი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყოს! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დღეს ის მარტოა და არავის ენდობა, არც თანაშემწე ჰყავს, არც ფიზმომზადების მწვრთნელი", - აღნიშნა ფეხბურთელმა.
რაც შეეხება მისი ნაკრებიდან წასვლას, ხიზანიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება 2 თვის წინ იმიტომ მიიღო, რომ ქეცბაიას გაერიდა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან ალექსანდრე ამისულაშვილი წავიდა. 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილს თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში არ სურს.
ამასთან, ქეცბაიას ნაკრები საკუთარი სურვილით გოგიტა გოგუამ და ლევან ყენიამ დატოვეს.