კობა კობალაძე და კობა ოთანაძე ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ

მუხროვანის ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლებული პირები ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლკოვნიკმა კობა ოთანაძემ განუცხადა, ვანო მერაბიშვილი თავის მართლებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

"ეს ხომ ტყუილია. ყველა ამ ბრალდებას უარვყოფ. მერე სად არიან ეს რუსი მრჩევლებიო? ან რა რუსი მრჩევლები ან ვინ მოკლა, სად არის მათი გვამები. ჭკუაზე აღარ არის, შეიშალა მგონი ჭკუიდან. ეს უბრალოდ ტყუილია. უბრალოდ თავის გამართლება უნდა მაგ ადამიანს. შეიცვალა სიტუაცია და აეწვათ ყველაფერი. მსგავსი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ გამოძიებას შეუშალოს ხელი. ასევე ვფიქრობ და ვრჩები იმ აზრზე, რომ გუშინ გავრცელებულ ვიდეოში მე და გია კრიალაშვილს გვგულისხმობდა", - აღნიშნა ოთანაძემ.

გენერალ კობა კობალაძის თქმით კი, ვანო მერაბიშვილმა თუ ამდენი იცის, მაშინ რუსი მრჩევლების კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაასახელოს და თქვას, სად არის მათი გვამები.

"რომელი რუსის გვამებს ითხოვს, რა გვამებს ითხოვს. თუ ამდენი იცის, რომ ორი რუსი მრჩეველი იქნა მოკლული, კონკრეტული სახელები და გვარები თქვას მათი, კონკრეტულად სად იყვნენ ეს მრჩევლები და ვინ მოკლა. ვანო მერაბიშვილის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. იარაღი არ იყო გამოყენებულიო, ეს აუხსნას კრიალაშვილის, ამირიძის და ოთანაძის ოჯახებს და თვითონ ამ ბიჭებს. დაიწყება სასამართლო და სასამართლო დაადგენს ბრალეულობას", - აღნიშნა კობალაძემ.

ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი დღეს გააკეთა.

"ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში მონაწილე ორი რუსი მრჩეველი ამბოხებაში მონაწილეობდა, კვალის დაფარვის მიზნით ისინი მოკლეს და სწორედ ამ ორ გვამს ვითხოვდი. მე ვიძლეოდი მათი პოვნის ბრძანებას. სწორედ მაშინ ვთქვი, მომიძებნეთ ის ორი გვამი. მაშინ 15 ადამიანი დააკავეს. ამ ამბის მიბმა ხელოვნურია სამი კვირის შემდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ოთანაძის დაკავებასთან", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

დღესვე მერაბიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, მიუკერძოებლად და ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული თემა.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია